ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილობა, დაბრუნება, დევნილობა – გალი, 1998

30 ოქტომბერი, 2022 •
დევნილობა, დაბრუნება, დევნილობა –  გალი, 1998

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი


ნაწილი პირველი

გალის საკითხი ქართულ რეალობაში დროდადრო, ფატალური საინფორმაციო სიახლეების გავრცელების შემდეგ მცირე ხნით აქტიურდება. ძირითადი თემა ეხება გალში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფიზიკური გადაადგილების უფლების შეზღუდვას. მეორე მხრივ, გალელ ქართველთა “აფხაზურ სახელმწიფოში” სხვადასხვა ფორმით ინტეგრაციისა თუ ასიმილაციის საკითხი დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა აფხაზებისთვის. თუმცა, ცოტამ თუ იცის ის უახლესი წარსული, რის გამოც გალი და მისი მოსახლეობა ეთნიკური წმენდის, ორმხრივი იზოლაციის, კრიტიკისა და უგულებელყოფის საგანი ხდება. 1998 წლის მაისის მოვლენების ნიუანსური მიმოხილვის მიზანია აჩვენოს ის წინაპირობები, რომელიც 1992-1993 წლების ომის შემდეგ განსაზღვრავდა გალის მიმართ თბილისისა და სოხუმის პოლიტიკას, რაც შეიძლება ითქვას, დღემდე არ შეცვლილა. 

1998 წლის 26 მაისს, მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-7 წელი უნდა აღენიშნა, გალში ექვსდღიანი “პატარა ომი” დასრულდა. 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გალის რაიონიდან ენგურისა და ხურჩის ხიდი ფეხით გადმოლახა და ისევ დევნილი გახდა. გაეროს მონაცემებით 1731 სახლი დაიწვა  და სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრია მთლიანად განადგურდა. რა მოხდა გალში 1998 წლის გაზაფხულზე?

‘სპონტანური დაბრუნება” გალში 1992-1993 წლის ომის შემდეგ

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, გალიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 30 000-40 000 ადამიანი უკან დაბრუნდა. Freedom House-ის მიერ 1998 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 1994 წლის დასაწყისში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. გაეროსა და რუსეთის მიერ ორგანიზებულმა შემდგომმა მოლაპარაკებებმა განაპირობა ლტოლვილების გარკვეული რეპატრიაცია გაეროს ზედამხედველობის ქვეშ.  ამ პროცესს “სპონტანურ დაბრუნებასაც” უწოდებენ. 1992-1993 წლების ომის შემდეგ გალში ეთნიკური ქართველების დაბრუნებას მშვიდობიანი ცხოვრება არ მოჰყოლია არც ქართული და არც აფხაზური მხრიდან. დაბრუნების მიუხედავად, გალში ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მთელი რიგი პრობლემები დახვდა: პარტიზანული ჯგუფების თავდასხმები,  ყაჩაღობა, “უკანონობა და დაუცველობა, იურიდიული სტატუსის არარსებობა, მშობლიურ ქართულ ენაზე ბავშვების სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეები და სხვა”.

1993-1995 წლებში გალის რაიონი ორ, დაბალ და მაღალ ზონებად დაიყო. ამ დაყოფის შედეგად 34 სოფლიდან 19 მაღალ ზონას მიეკუთვნება, ხოლო 15- დაბალ ზონას. გალში შეიქმნა ერთგვარი “ბუფერული ზონა”, რომელსაც სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ორივე მხარისთვის შემაკავებელი ფუნქცია უნდა შეესრულებინა,  თუმცა მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. 

წყარო: ვიკიპედია

1998 წლის გაზაფხულზე გალის რაიონში მდგომარეობა დაძაბული იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებისა და გალის დევნილი მოსახლეობის სტიქიური დაბრუნების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობდა პარტიზანული მოქმედებები. 1993-1996 წლებში გალის რაიონში ჩამოყალიბდა ორი პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმები“ და “თეთრი ლეგიონი“, რომლებიც წარმოადგენდნენ არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებას და შედგებოდნენ ძირითადად ეთნიკურად ქართველი მებრძოლებისგან. პარტიზანული დაჯგუფებების ოფიციალური მიზანი აფხაზეთის სასაზღვრო რაიონებში, ქართული მოსახლეობის ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვა იყო.

საქართველოს მაშინდელი ხელსუფლების განცხადებით, პარტიზანულ დაჯგუფებებს ქართული სახელმწიფო არ უწევდა სამხედრო ან სხვა ტიპის დახმარებას, თუმცა პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებში აღნიშნავდნენ, რომ მათ ესმოდათ დევნილებისგან შემდგარი დაჯგუფებების მოქმედებების – “პარტიზანთა აქტივობა ბუნებრივია. ისინი საკუთარი სახლ-კარის დასაბრუნებლად იბრძვიან”, –  განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ 1998 წლის მაისში (7 დღე, მაისი 58(450) გვ.1).

იმდროინდელ ქართულ პრესაში იკითხება განწყობა, რომ თუ ქართული მხარე პარტიზანების მოქმედებებში ჩაერეოდა და მათ პარტიზანულ მოქმედებებს ხელს შეუშლიდა, ეს გააღვივებდა საქართველოში შიდა დაძაბულობას და ახალი სამოქალაქო დაპირსიპირებისთვის წინაპირობებს შექმნიდა. ასეთი განცხადებებით, პარტიზანულ მოძრაობებს თითქოს მიენიჭა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია. აფხაზური მხარის მიერ გალში დევნილების დაბრუნების პროცესის ხელშეშლას, პარტიზანების მიერ წარმოებულ “გამოუცხადებელ ომს” გალის რაიონში, მსხვერპლი მოჰყვა ორივე, აფხაზურ და ქართულ მხარეს. 

 

ექვსდღიანი ომის საბაბი და მიზეზები

ექვსდღიანი ომის დაწყებას სხვადასხვა საბაბი აქვს. აფხაზური მხარის მტკიცებით, 300 ქართველი პარტიზანი შეიჭრა გალის რაიონში და იქაურ მოსახლეობას, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს, ურჩია გასულიყვნენ რეგიონიდან, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაწყებულიყო. ქართული მხარის თანახმად კი, გალის რაიონში მიმდინარე არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არალეგიტიმური იყო, ხოლო აფხაზური მხარის აზრით, სტიქიურად დაბრუნებული ეთნიკურად ქართული მოსახლეობა აფხაზეთის არაპირდაპირი წესით არჩეული მთავრობისთვის პოლიტიკურ და ელექტორალურ საფრთხეს წარმოადგენდა. სწორედ ეს მიზეზი განაპირობებდა ვლადისლავ არძინბას მთავრობის მიერ გალში დაბრუნებული ქართველებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გაუქმებას.

გალელი დევნილების ნაკადი თბილისისთვისაც პრობლემას წარმოადგენდა. ომში დამარცხებული მხარისთვის შიდაპოლიტიკური არასტაბილური და ეკონომიკური ფაქტორების გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდებოდა. 

ექვსდღიანი ომის რეალურ მიზეზებს კი ქართული და აფხაზური პოლიტიკური ელიტის ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები წარმოადგენდა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიზანი იყო სუვერენიტეტის მიღება და აფხაზეთის პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ქართულ მხარეს სურდა დევნილების უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება აფხაზეთის ტერიტორიაზე, სანაცვლოდ კი სთავაზობდა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას ასიმეტრიულ ფედერაციაში.

გარდა განსხვავებული და კონფლიქტური ინტერესებისა, ამ ორ მხარეს შორის აცდენა იყო ამ ინტერესების თანმიმდევრობაში. აფხაზურ მხარეს სურდა პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვამდე, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ დევნილების რაოდენობა მცირერიცხოვან ეთნიკურ აფხაზებს დემოგრაფიულ, ხოლო პოლიტიკურ ელიტას ელექტორალურ საფრთხეს შეუქმნიდა. 

გარდა სიტუაციის ესკალაციისა, დევნილების დაბრუნებისა და აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა, ექვსდღიანი ომის დამატებით გარემოებას წარმოადგენდა გალის რაიონის გარშემო შექმნილი ანკლავის ეკონომიკური და ბიზნესინტერესების დაცვა.

ციტრუსით, თამბაქოთი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით მდიდარი გალი ბუფერული ზონა მხოლოდ უსაფრთხოების გამო არ იყო. არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც გასული იყო როგორც სოხუმის, ისე თბილისის სამართლებრივი რეგულირების სფეროდან, ადვილი იყო კონტრაბანდის გადატანა და, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე სტატუს-კვოს შენარჩუნება, არეულობა და ქაოსი. ეს ყველაფერი სწორედ ამ ინტერესების მქონე ჯგუფებისთვის იყო ხელსაყრელი. 

დანგრეული ენგურის ხიდი; ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

დანგრეული ენგურის ხიდი; ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

1992-1993 წლების ომის შემდეგი არჩევნები აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში 

ომის დასრულებიდან ერთ წელიწადში, 1994 წელს, აფხაზეთში შემოიღეს პრეზიდენტის პოსტი, რომლის პირველი არჩევნებიც არაპირდაპირი წესით ჩატარდა და პარლამენტმა 26 ნოემბერს პრეზიდენტად ვლადისლავ არძინბა 5 წლის ვადით აირჩია. დე ფაქტო პრეზიდენტის მეორე არჩევნები, რომელიც პირდაპირი წესით უნდა ჩატარებულიყო აფხაზეთში, 1999 წლის 3 ოქტომბერს იგეგმებოდა. 

აფხაზეთის მცხოვრებლებს შეეძლოთ აერჩიათ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 35-წევრიან ეროვნულ ასამბლეაზე 150 000-200 000 დევნილმა ქართველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო. მათ ასევე აეკრძალათ 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. აფხაზურ მხარეს ეშინოდა ეთნიკური ქართველებისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება, მათი პროქართული განწყობების გამო. 

1996 წლის სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და ახალი 35-წევრიანი პარლამენტის არჩევნები. საქართველოს პარლამენტმა ეს არჩევნები უკანონოდ გამოაცხადა, რადგან 1995 წელს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს  პარლამენტის არჩევნების შესახებ ამბობდა, რომ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე 1992 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტის წევრებს უგრძელდებოდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმური იყო.

ამასთან, ომის შედეგად დევნილი 200 000 ეთნიკური ქართველი ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთში სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აცლიდა.

არჩევნებში დევნილების მონაწილეობის საკითხი პრობლემური იყო დანარჩენ საქართველოშიც. 1995 წელს შემუშავებული საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” (პუნქტი 32) გულისხმობდა დევნილთა საპარლამენტო და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას. მიზეზად სახელდებოდა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამართულ არჩევნებში დევნილების არჩევნებში მონაწილეობა ოკუპაციის დაკანონებას გამოიწვევდა. ასევე, შეიძლება დამდგარიყო შევარდნაძის პოლიტიკური ლეგიტიმაციის საკითხი, რადგან დევნილების განწყობები იმდროინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკული იყო. ამდენად, დევნილებს პოლიტიკური უფლებების ნაწილი, აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, საქართველოს კონტროლირებად ნაწილზეც თითქმის ათი წლის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ

 

დაბრუნება სახლში, დაბრუნება გაურკვევლობაში

1992-1992 წლების ომის შემდეგ, 1996 წლიდან, გალში დევნილების ნაწილობრივი და სეზონური დაბრუნება გაურკვევლობასთან დაბრუნებაც იყო. სახლში დაბრუნება გალელი დევნილებისთვის უსაფრთხო არ იყო, თუმცა მომავლის იმედმა უსაფრთხოების რისკები გადაწონა, ხოლო გაურკვეველი მომავალი შესაძლებლობად უფრო იქნა აღქმული, ვიდრე საშიშროებად. 1994 წლიდან დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები კი დამატებით იმედს აძლევდა ადგილობრივ მოსახლეობას.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში ეთნიკური ქართველების გალში დაბრუნება, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისგან საფრთხედ იყო აღქმული, ხოლო თბილისისთვის, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მოსაზღვრე გალი პოლიტიკური შესაძლებლობებისთვის სივრცეს ქმნიდა. შესაბამისად, თუ გაურკვევლობა დევნილებს აძლევდა სახლში მშვიდობიანად ცხოვრების იმედს, თბილისისა და სოხუმისთვის ის ხანგრძლივ პოლიტიკურ დილემად იქცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი