ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გაიმარჯვა ბაქოში დოკუმენტურმა ფილმმა ხელისუფლების კრიტიკაზე

1 დეკემბერი, 2022 • 1356
როგორ გაიმარჯვა ბაქოში დოკუმენტურმა ფილმმა ხელისუფლების კრიტიკაზე

ავტორი: ნიკა მუსავი


რამდენიმე კვირის წინ ბაქოში  გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. პირველი ადგილი ნომინაციაში “საუკეთესო აზერბაიჯანული დოკუმენტური ფილმი” დაიკავა ფილმმა “Since the dust settled”,  რომელიც მოგვითხრობს ბაქოს ჯენტრიფიკაციის შესახებ. ფილმი მომზადებულია მედიაპლატფორმა Chai Khana-ს მიერ 2022 წელს.

ჟიურის გადაწყვეტილებამ გააოცა არა მხოლოდ დამსწრე საზოგადოება, არამედ თავად გამარჯვებული ფილმის ავტორიც. 

ფილმის პრეისტორია

2010 წელს ბაქოს ცენტრში აქტიურად დაიწყეს ძველი საცხოვრებელი კვარტლების ნგრევა, რომელიც მიმდინარეობდა, ერთი მხრივ, ექსკავატორების, მეორე მხრივ კი, სოციალურ ქსელებში და მედიაში ხმაურის ფონზე. 

ურბანისტები, არქიტექტორები და უბრალოდ რიგით მოქალაქეები აღშფოთებას გამოხატავდნენ ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებით, რადგან დანგრევის პირას მისული შენობების გარდა, განადგურებას დაექვემდებარა ისეთი შენობებიც, რომლებიც ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენდა. 

თუმცა ძირითადი პრობლემისა და პრეტენზიის მიზეზი, რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმოდა, სხვა იყო [მით უმეტეს, ასეთი კვარტლების ნაწილი ჯერ კიდევ სტალინის ეპოქის შემდეგ ექვემდებარებოდა ნგრევას]. სკანდალის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფომ და სამშენებლო კომპანიებმა [ამ შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა] დანგრევის შემდეგ სახლების მფლობელებს არ გადაუხადეს ფულადი კომპენსაციები, რომლითაც ხალხი ახალი ბინების ყიდვას ბაქოს ცენტრში ან მიმდებარე ტერიტორიებზე შეძლებდა. საბოლოოდ, ერთნი შეეგუვნენ ქალაქის ხელისუფლების ნებას, მეორენი კი შეეცადნენ პროტესტს, თუმცა, ადრე თუ გვიან, მაინც ყველას მოუწია გადასახლება. საბოლოოდ მათი უმრავლესობა ბაქოს გარეუბნებში და მიმდებარე სოფლებში გადასახლდა. დანგრეული კვარტლების ადგილზე ააშენეს [და ახლაც გრძელდება ეს] ახალი ესტაკადა, პარკი და მაღალსართულიანი შენობები.

კვარტლების ყოფილი მცხოვრებლები კი გახდნენ გმირები თორგულ აბბასოვის ფილმისა “Since the dust settled”.

კადრი ფილმიდან "Since the dust settled"

კადრი ფილმიდან “Since the dust settled”

თავად ფილმის ავტორი ბაქოში არ დაბადებულა და არც ახალგაზრდობა აქვს ამ ქალაქში გატარებული, თუმცა ბაქოზე ფილმის გადაღების მიზეზი, მისი თქმით, არ არის კავშირში ამ ქალაქთან ემოციურ ბმასთან. 

“დიახ, მე დავიბადე და გავიზარდე ნახიჩევანში [აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთში ავტონომიური რესპუბლიკა], შემდეგ ვსწავლობდი თურქეთში. შესაბამისად, ბაქოს ძველ კვარტლებთან ემოციური კავშირი ნამდვილად არ მქონია.  თუმცა საქმე არ გვაქვს ჩემს ემოციებთან, და საერთოდაც ემოციებს ამასთან კავშირი არ აქვს. სხვათა შორის, ჩემთვის ეს ფილმი არის მეორე ფილმი ქალაქისა და კაპიტალის ურთიერთობის თემაზე. პირველი სტამბოლში გადავიღე ადგილობრივ თანაავტორთან ერთად”, – ამბობს ნეტგაზეთთან მისი რეჟისორი და სცენარისტი, კინოს მკვლევარი თორგულ აბბასოვი. 

ამ შემთხვევაში, როგორც აბბასოვი ამბობს, უნდოდა ისტორიის მოყოლა არა იმის შესახებ, როგორ ცვლის ხელისუფლება და კაპიტალი ბაქოს, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ხელისუფლება ადამიანების ცხოვრებას. 

ძველი კვარტლების დანგრევის შემდეგ,ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბაქოს ცენტრში ცხოვრობდნენ, იძულებული გახდნენ სოფლებში გადასულიყვნენ, სადაც ფაქტიურად არ არსებობს ინფრასტრუქტურა, ხალხი კი სხვანაირი წეს- ჩვეულებებით ცხოვრობს.

“ადამიანებს არა მხოლოდ სახლები დაუნგრიეს, მათ წაართვეს ცხოვრების წესი და ჩვეული გარემოსგან გამოგლიჯეს, გაურთულეს ბევრ სოციალურ სიკეთეებზე წვდომა, ელემენტარული საშუალება – საღამოობით ბულვარში გაისერინონ, როგორც ამას მთელი ცხოვრება აკეთებდნენ. ბაქოს ცენტრი უფრო და უფრო ხელმისწვდომი ხდება მხოლოდ პრივილეგირებული, მდიდარი ადამიაებისთვის და ტურისტებისთვის”. 

იმ დროისთვის, როდესაც კვარტლების ნგრევა დაიწყო, ფილმის ავტორი  უკვე ცხოვრობდა ბაქოში და საპროტესტო აქციების მოწმეც არის. 

“თუმცა გავიდა დრო, ხუთი- ექვსი წელი, და ყველაფერი ჩაწყნარდა. “დღის წესრიგი” არაერთხელ შეცვლილა, უკვე აღარავინ ფიქრობს იმაზე, როგორ მოეწყო ამ გამოყრილი ადამიანების ცხოვრება. ამიტომაც შევეცადე ეს გამერკვია და მომეყოლა ჩემს ფილმში. როგორ ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მათი დანგრეული სახლების მტვერი საბოლოოდ დაჯდა. ფილმის გმირები გახდნენ საშუალო ასაკის ქალები, რადგან მათ უფრო მტკივნეულად შეეხოთ ცვლილებები”. 

ქალების უმრავლესობას აზერბაიჯანში ისედაც არ აქვს აქტიური სოციალური ცხოვრება. როდესაც მათ საკუთარი საცხოვრებელი გარემოდან წყვეტ და ქალაქში ჩამოსასვლელად ტრანსპორტი სჭირდებათ, ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას იწვევს. 

“მივიჩნიე, რომ ამ პრობლემის ჩვენება ქალების მონათხრობით უკეთესი იქნებოდა”. 

რეჟისორი ამბობს, რომ არ უყვარს “რექვიემები” და “ნოსტალგური კინო”, რომელსაც დღეს ბევრი იღებს ძველ ბაქოზე. 

“ჩემი აზრით, “ძველ ბაქოზე” ნოსტალგიის თემას ბოლო დროს ხშირად ექსპლუატაციას უწევენ, რათა რეალური სოციალურ-პოლიტიკური განზომილების პრობლემები ემოციურში გადაიტანონ.

რა არის ნოსტალგია? ეს არის წარსულის მონატრება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ნოსტალგია ახალგაზრდობაზე, თუმცა ვერავის დავაბრალებთ, რომ ახალგაზრდობამ ჩაიარა. გვესმის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. აღნიშნულ შემთხვევაში კი ცვლილებები, რომელიც ამ ადამიანების ცხოვრებაში მოხდა, ბუნებრივ ხასიათს არ ატარებს და არის შედეგი ხელისუფლებისა და ბიზნესმენების ქმედებების, რომლებმაც მათი დღევანდელობა წარსულად უქციეს საკუთარი სარგებლის მიზნით. ასე რომ – არანაირი რექვიემი, არანაირი სენტიმენტი, ეს სოციალური დრამაა. შეიძლება ითქვას, ეს არის დრამა სოციალური უთანასწორობის შესახებ. ჩემი მიზანი არ ყოფილა, მაყურებლის ცრემლი მენახა”.

აზერბაიაჯანში ბევრს უცნაურად მოეჩვენა ის ფაქტი, რომ ფილმმა, რომელიც შეიცავს ღია კრიტიკას ხელისუფლების მიმართ, გაიმარჯვა ფესტივალზე, რომელიც ორგანიზებულია კულტურის სამინისტროს მიერ. როგორც წესი, აზერბაიჯანული სახელმწიფო სტრუქტურები განსაკუთრებული ტოლერანტობით არ გამოირჩევიან კრიტიკის მიმართ. აბბასოვის ფილმში კი ერთი გმირი ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მისი შვილი ერთი წლით უსამართლოდ დააპატიმრეს.

“სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩემს ფილმს ფესტივალის ჩვენებაზე დაუშვებდნენ. გამარჯვებაზე არც კი მიფიქრია. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. შესაძლოა საქმე ის არის, რომ კულტურს სამინისტრო, რომელიც, მართალია, მხარდაჭერას უცხადებდა ფესტივალს, უშუალო მონაწილეობას არ იღებდა ორგანიზაციულ საკითხებში. 

შესაბამისად, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ცენტრს და ფესტივალის ჟიურის ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.  თავად ფაქტი, რომ მათ შეძლეს ასეთი დამოუკიდებლობა, უკვე ოპტიმიზმს გვიჩენს. ზოგადად, რაც შორს დაიჭერენ თავს კულტურისგან ჩინოვნიკები, კულტურისთვის უკეთესია”. 

დოკუმენტური ფილმების ჩვენებაზე ბაქოში დარბაზი სავსე იყო და რეჟისორი ფიქრობს, რომ ეს კარგი ნიშანია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კინოთეატრ “ნიზამიში”, სადაც ფესტივალი ტარდებოდა, დოკუმენტური ფილმების ჩვენებებისთვის მხოლოდ დღის საათები დაუთმეს, საღამოს კი კომერციულ ფილმებს აჩვენებდნენ. ადამიანები, რომლებიც დღისით მუშაობენ, ვერ ეწრებოდნენ ჩვენებების დიდ ნაწილს, თუმცა პუბლიკამ მაინც გამოხატა ინტერესი ფესტივალის მიმართ. 

ყველაზე კარგი, რაც კინოფესტივალშია, ეს არის ის, რომ რეგულარულია და უკვე ათ წელზე მეტია ტარდება. უკანასკნელ წლებში გაჩნდა კიდევ რამდენიმე, მაგალითად, დოკუმენტური კინოს ფესტივალი “DokuBaku”  და ქალთა დოკუმენტური კინოს ფესტივალი “სევილი”. ეს, რა თქმა უნდა, ცოტაა. აზერბაიჯანში ჯერ კიდევ არ არის კინოფესტივალების ნამდვილი ტრადიცია და პუბლიკასაც ჯერ არ აქვს გამომუშავებული საფესტივალო ჩვენებებზე სიარული და სამამულო თანამედროვე ფილმებზე დასწრების ტრადიცია. 

შესაბამისად, ეს აისახება ახალგაზრდა რეჟისორების მოტივაციაზე. რატომ გადავიღოთ კინო, თუ მას არავინ ნახავს რამდენიმე ათეული მეგობრის გარდა? და რატომ გადავიღოთ კარგი კინო, თუ მეგობრები ისედაც შეგვაქებენ, ფართო პუბლიკა კი შენგან არაფერს ითხოვს და არც იცის შენი არსებობის შესახებ? 

მასალების გადაბეჭდვის წესი