პედაგოგი და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტსა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, გადაარჩინონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
განცხადებაში, რომელიც აფხაზავამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა, წერს, რომ მართალია, დღეს უმეტესობა დუმილს ირჩევს – „ჩემთვის დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია“.
„თუნდაც ჩამქოლონ ტროლებმა და ბოტებმა, მე მაინც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი. ყველა უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას და ამ დროს ქვეყნის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ.
გთხოვთ, ნუ გაწირავთ ქვეყანას იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მოგანიჭათ მანდატი ქვეყნის მართვის, თან მესამედ. ნუ გავთელავთ იმ ადამიანების გმირულ საქმეებს, რომლებმაც ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს. გთხოვთ, ყველანი დავდგეთ ქვეყნის გვერდით და არა ბრაზისა და შურისძიების მხარეს, რადგან ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება ქვეყანას არაფერს არგებს. გთხოვთ, ბატონო პრემიერო, გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, უწმინდესო პატრიარქო, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენად.
და თუ ქვეყნის პრეზიდენტი გარდაიცვალა, შედეგი რა იქნება? მისი გარდაცვალების შემდეგ არ არის მოსალოდნელი სტაბილურობა, არ არის მოსალოდნელი განვითარება, არ არის მოსალოდნელი ღვთის წყალობაც. გთხოვთ, მაპატიეთ, იქნებ ისე არ ვფიქრობ, როგორც თქვენ. რა გვაქვს სიყვარულზე მეტი?!“ – წერს აფაზავა.
გარეკანი ფოტო: CENN
დღეს, 14 დეკემბერს, სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
წინა სხდომა, რომელიც 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.
კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ მზადაა დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილი დისტანციურად ჩართოს.
“ვივამედი” მზადაა, სააკაშვილი სასამართლოზე დისტანციურად ჩართოს