სამართალი

“ვივამედი” მზადაა, სააკაშვილი სასამართლოზე დისტანციურად ჩართოს

13 დეკემბერი, 2022 • 1397
“ვივამედი” მზადაა, სააკაშვილი სასამართლოზე დისტანციურად ჩართოს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მოსამართლე გიორგი არევაძემ განკარგულება გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მინიმუმ დისტანციურად ჩაერთოს.

საუბარია 14 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც სააკაშვილისთვის  სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხს შეეხება.

მისი თქმით, თუ კლინიკა „ვივამედი“ ნებართვას გასცემს, შესაძლოა, სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანონ.

„თუ კლინიკა „ვივამედი„ გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც [სასამართლო დარბაზში], თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად[…] დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად[…] 30 მოწმეა [გამოსაკითხი], თუმცა, თუ მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხაჭაპურიძემ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორ ზურაბ ჩხაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ კლინიკას დისტანციურად ჩართვის პრობლემა არ გააჩნია და სააკაშვილის პროცესზე ჩართვა სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პაციენტის სასამართლო დარბაზში მიყვანას, ჩხაიძის თქმით, მდგომარეობა შეფასდება ექიმთა ჯგუფის მიერ და ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.


მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, 14 დეკემბრისთვის გადაიდო. სხდომაზე დასწრებას  ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი