ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა დაასახელა 5 საკითხი, რომელიც, მისი აზრით, საქართველომ უნდა გადაჭრას.
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაკალისტერმა განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა გავაკეთო 5 შენიშვნა:
- პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები ნდობის შესაქმნელად ყველა პოლიტიკურ აქტორსა და ინსტიტუტებს შორის;
- უნდა აღმოიფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე;
- საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს მოიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობას, პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას;
- პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ აგრესიული სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებზე;
- ბოლოს და ეს ასევე პირადულია ჩემთვის — როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას: გთხოვთ, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მისცეთ მას სათანადო მკურნალობის საშუალება“, — განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი.
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ „ოცნებას“ თავისი ევროპელი პარტნიორებიც მოუწოდებენ