საზოგადოება

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ „ოცნებას“ თავისი ევროპელი პარტნიორებიც მოუწოდებენ

8 ნოემბერი, 2022 • 904
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ „ოცნებას“ თავისი ევროპელი პარტნიორებიც მოუწოდებენ

საქართველოს მთავრობას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორებიც მოუწოდებენ.

ამის შესახებ საუბარია ერთ-ერთ შესწორებაში, რომელიც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშში უნდა შევიდეს.

ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს, 8 ნოემბერს, უნდა გაიმართოს. ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები.

სწორედ აღნიშნულ შესწორებებს შორისაა ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორების, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრების, სვენ მიქსერის და ნაჩო სანჩეს ამორის მიერ ინიცირებული შესწორება, რომელიც მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს.

სვენ მიქსერისა და ნაჩო სანჩეს ამორის მიერ ინიცირებულ შესწორებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ მკურნალობა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება.

„ქართული ოცნების“ პარტნიორების გარდა შესწორებები მოამზადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პარტნიორებმაც, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ევროპარლამენტში შესაძლოა საქართველოზე მორიგი კრიტიკული ჩანაწერები მიიღონ

მასალების გადაბეჭდვის წესი