ახალი ამბები

ერთ ოლიგარქს კვლავ გადაჭარბებული გავლენა აქვს პოლიტიკურ ლანდშაფტზე — ლექსმანი საქართველოზე

14 დეკემბერი, 2022 •
ერთ ოლიგარქს კვლავ გადაჭარბებული გავლენა აქვს პოლიტიკურ ლანდშაფტზე — ლექსმანი საქართველოზე

“უნდა ვაღიაროთ, რომ იყო პროგრესი ზოგიერთ სექტორულ რეფორმაში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ დემოკრატიული პროცესისა და კანონის უზენაესობის საერთო მდგომარეობა”, — დასძინა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას.

“ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა,  სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე.

ლექსმანის თქმით, “პოლიტიკური ლიდერები ღრმად ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ — საზოგადოებას”. მისი სიტყვებით, “მმართველი პარტია განაგრძობს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას”.

“ერთ ოლიგარქს კვლავ გადაჭარბებული გავლენა აქვს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე. სასამართლო სისტემა ბოროტად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესები კვლავ უარესდება”, — დასძენს ევროპარლამენტარი.

მირიამ ლექსმანის თქმით, ამის საპირისპიროდ, საქართველოსგან ელიან “მთავარი არხის” დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას მიმართ “პოლიტიკური ბრალდებების” მოხსნას, ისევე როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემას.

“ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უნდა მიეცეს საშუალება, იმკურნალოს საზღვარგარეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის(განაჩენის აღსრულების გადავადება რედ.) შესაბამისად”, — აღნიშნავს ის.

ლექსმანის სიტყვებით, ქართველი ხალხის მეგობრები გულწრფელნი უნდა იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით მოწინავე იყო. ამიტომ, უფრო მეტად სამწუხაროა იმ უარყოფით ტენდენციებზე დაკვირვება, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე მოქმედებს”, — დასძინა მან.

13 დეკემბერს ევროპარლამენტში განიხილავენ ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მომზადებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.

ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას 14 დეკემბერს მიიღებს.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიცირებულია შესწორება ივანიშვილის სანქცირების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი