ახალი ამბები

ღირსეული მტერიც სანატრელია, ოპოზიციას კი პასუხისგამცემი არ ჰყავს ადგილზე – მელია ჯაფარიძეზე

13 დეკემბერი, 2022 • 815
ღირსეული მტერიც სანატრელია, ოპოზიციას კი პასუხისგამცემი არ ჰყავს ადგილზე – მელია ჯაფარიძეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საჭიროა, პარტიის საპარლამენტო სია „ღირსეული ხალხით“ დაკომპლექტდეს.

ნიკა მელია გამოეხმაურა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამს მიხეილ სააკაშვილზე, – „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“, – და წერს:

„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე – ფაბრიკაციულ ჩანაწრებს დაარბენინებენ და ა.შ…

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა“, – წერს მელია ფეისბუკზე.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“, დეპუტატმა, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

ეს სიტყვები ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათისას წარმოთქვა, – კადრები კი „ფორმულამ“ გაავრცელა.

„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი –  სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი,“ – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.


„ნაციონალურ მოძრაობაში“ 28-29 იანვარს შიდა არჩევნებია ჩანიშნული პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად.

ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს ოთხ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი