ახალი ამბები

მოსკოვში 4 წლით დააპატიმრეს დეპუტატი ქეთევან ხარაიძე

13 დეკემბერი, 2022 • 1794
მოსკოვში 4 წლით დააპატიმრეს დეპუტატი ქეთევან ხარაიძე

მოსკოვში სასამართლომ 4 წლით დააპატიმრა ადგილობრივი დეპუტატი ქეთევან ხარაიძე, რომელსაც გამოძალვას ედავებოდნენ. ხარაიძე ბრალდებას უარყოფს და სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივებით ხსნის.

გარდა პატიმრობისა, ტვერსკოის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხარაიძემ ჯარიმა უნდა გადაიხადოს 700 000 რუბლის ოდენობით. მას ასევე დაეკისრა 5 მილიონი რუბლის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და აეკრძალა საჯარო თანამდებობების დაკავება გათავისუფლებიდან 2 წლის განმავლობაში.

სასამართლო პროცესზე სააგენტო SOTA-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ადებენ ბორკილებს დეპუტატს განაჩენის გამოცხადებისთანავე.

Current Time-ის მიხედვით, მოსკოვის ტვერსკოის მუნიციპალური ოლქის დეპუტატი ქეთევან ხარაიძე სისხლისსამართლებრივ დევნას უკავშირებს თავის გეგმებს 2021 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

64 წლის ხარაიძე, რომელსაც BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დეპუტატად მოიხსენიებს, პოლიციამ გასული წლის 17-18 ივნისის ღამით დააკავა. 1 თვით ადრე მას გაცხადებული ჰქონდა, რომ დუმის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას.

ოფიციალურად, დაკავება ტვერსკოის რაიონში ერთ-ერთ მშენებლობას უკავშირდება. გამოძიების მტკიცებით, ხარაიძემ დეველოპერს 15 მილიონი რუბლი გამოსძალა ადგილობრივებთან კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ.

ხარაიძე ბრალს არ აღიარებს და საქმეს გაყალბებულად მიიჩნევს. მისი თქმით, საცხოვრებელი კომპლექსი დარღვევებით, საკუთარი საკანალიზაციო სისტემის გარეშე აშენდა და, როგორც დეპუტატი, ცდილობდა, აღმოეფხვრა მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები.

როგორც Mediazona წერს, დეპუტატის წინააღმდეგ ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულება იყო საბრალდებო დასკვნაში ნახსენები ორი ხუთიათასიანი ბანკნოტი, რომლებიც აღმოჩნდა ხარაიძის ქურთუკის ჯიბეში. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კუპიურები ქურთუკის ჯიბეში მისი ბინის ჩხრეკისას ჩადეს.

2021 წლის ივნისში დაკავების შემდეგ ხარაიძე 1.5 კვირის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დეპუტატი იუწყებოდა, რომ არანორმალური სიცხის პირობებშიც კი არ აძლევდნენ წყალს.

2021 წლის 12 ივლისს ქეთევან ხარაიძე შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, იმავე წლის სექტემბერში მან შეძლო თავისი ოლქის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება, თუმცა ხელახლა არჩეული დეპუტატი ვერ ესწრებოდა სხდომებს აღკვეთის ღონისძიების პირობების გამო.

წარმოშობით ქართველი დეპუტატი რუსეთის მოქალაქეა. Novaya Gazeta-ს მიხედვით, ის თბილისში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ტელეჟურნალისტიკის განხრით, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო სწავლა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ხარაიძე სსრკ-ის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის კორესპონდენტად საქმიანობდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატად ქეთევან ხარაიძე 2017 წელს აირჩიეს. Novaya Gazeta-ს თანახმად, იგი წარმოადგენდა ოპოზიციურ პარტიას “იაბლოკო”, თუმცა 2019 წელს პარტია დატოვა.

გარეკანის ფოტო: SOTA

მასალების გადაბეჭდვის წესი