ახალი ამბები

ენმ-ის თავმჯდომარედ კენჭს მამულაშვილიც იყრის

12 დეკემბერი, 2022 • 629
ენმ-ის თავმჯდომარედ კენჭს მამულაშვილიც იყრის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას ნონა მამულაშვილიც მიიღებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელა.

მისი თქმით, პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატუარს კი გიორგი ხვედელიანი დააყენებს.

“ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის.
თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია!

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად”, – წერს მამულაშვილი.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.

ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს ოთხ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი მუმლაძეს და ნონა მამულაშვილს.

ნახეთ ვრცლად:

როგორ ჩატარდება ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონულად

მასალების გადაბეჭდვის წესი