საზოგადოება

როგორ ჩატარდება ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონულად

12 დეკემბერი, 2022 •
როგორ ჩატარდება ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონულად

გუშინ, 11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა რას გულისხმობს შერჩეული მოდელი და ენმ-ის წევრს გიორგი ქართველიშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული მოდელის გამოყენების საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე წამოაყენა.

გიორგი ქართველიშვილის თქმით, არჩევნების პროცესი ორეტაპიანი იქნება. პირველ საფეხურზე არჩევნებში მონაწილეობის მსურველები სპეციალურად შექმნილ პორტალზე რეგისტრაციას გაივლიან. ქართველიშვილის თქმით, ამისთვის, არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ხმის მიცემის თარიღამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ფეისბუკით“ უნდა გაიარონ ავტორიზაცია, სისტემაში შეიყვანონ გვარი, პირადი და მობილურის ნომრები, რის შემდეგაც ავტორიზაციის კოდს მიიღებენ რეგისტრაციის დასასრულებლად.

აღნიშნულის შემდეგ იმისათვის, რომ არჩევნებში გარეშე პირების ჩარევა გამოირიცხოს, ქართველიშვილის თქმით, თითოეულ რეგისტრირებულ პირს სპეციალურად შექმნილი საარჩევნო კომისია სოციალურ ქსელში შეისწავლის.  თუ ფეისბუკის ანგარიში, რომლითაც მომხმარებელი ავტორიზაციას გაივლის, 8 ნოემბრამდე იქნება შექმნილი (იმ თარიღამდე, როცა პარტიის წევრების ნაწილმა არჩევნების დანიშვნის სურვილი გამოთქვა) და არჩევნებში მონაწილეობის მსურველს სხვა პარტიის მიმართ მხარდაჭერა არ ექნება დაფიქსირებული, მას ამომრჩევლად დაარეგისტრირებენ. მისი თქმით, მხოლოდ ამ პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ მიეცემათ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა:

„ერთადერთი და ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ფეისბუკი და იყოს საქართველოს მოქალაქე. შემდეგ ფეისბუკით აკეთებს ავტორიზებას, შემდეგ შეჰყავს მისი გვარი და პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, რომელზეც მისდის ვერიფიკაციის კოდი და დადასტურების შემდეგ გადადის შიდაპარტიულ საარჩევნო კომისიაში, რომლითაც ხდება გაფილტვრა.

ფეისბუკს ვიყენებთ იმისათვის, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ ან სხვა პარტიის ამომრჩევლების ჩარევა ჩვენს შიდაპარტიულ არჩევნებში და სოცქსელით ხდება მისი გადამოწმება, ხოლო პირადი ნომრით და გვარით ცესკოს ბაზაში ხდება შემოწმება, ნამდვილად არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. შევისწავლით თითოეულ დარეგისტრირებულ ადამიანს და ვნახავთ, რომ არ ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია ქართული ოცნების ან სხვა პარტიის მიმართ.

მისი თქმით, საარჩევნო კომისიაში ყველა კანდიდატის წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით იქნებიან და ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრული არ არის თუ რამდენი პირი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ეს მხარდამჭერების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რაოდენობას, ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა მსურველებს ხვალამდე შეეძლებათ, ამისათვის საჭირო კი მხოლოდ პოლიტსაბჭოს სამი წევრის თანხმობაა.

ამასთან, გიორგი ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სისტემა ბლოკჩეინ მოდელზე იქნება დამყარებული, რაც გარეშე პირების პროცესში ჩარევას გამორიცხავს.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ის დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები ინახება არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით კომპიუტერში. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს:

„ბლოკჩეინის სისტემა შეირჩა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციური პარტია ვართ და სურვილი რომ ჩაერიონ ამ პროცესში სამთავრობო მხრიდან, დიდია. ბლოკჩეინ სისტემა ამას გამორიცხავს რადგან ეს მონაცემები არ ინახება ერთ კონკრეტულ კომპიუტერში ან მონაცემთა ბაზაში, არამედ მილიონობით კომპიუტერში მსოფლიოს მასშტაბით, რისი გატეხვის პრეცედენტიც ჯერ არ დაფიქსირებულა. მიღებულია გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან და ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული იქნება,“ – ამბობს ქართველიშვილი.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობა სურს სამ კანდიდატს: მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი მუმლაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი