ახალი ამბები

გირჩი “ბიბლიურ თავისუფლებაზე”: მოვუწოდებთ მონობისგან დახსნილ ადამიანებს, ერთად დავიცვათ თავისუფლება

12 დეკემბერი, 2022 • 895
გირჩი “ბიბლიურ თავისუფლებაზე”: მოვუწოდებთ მონობისგან დახსნილ ადამიანებს, ერთად დავიცვათ თავისუფლება

პოლიტიკური პარტია “გირჩი” სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ “გირჩი” ვერ შეძლებს “ბიბლიური თავისუფლების” დაცვას. პარტია პოზიციის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვინც “ბიბლიური თავისუფლების” საბუთის მეშვეობით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლო.

ამის შესახებ განცხადება “გირჩმა” დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელა.

“გირჩი” მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომლის თანახმადაც “გირჩის” რელიგიური საბუთის მქონე ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ, კავშირი არ აქვს პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან. “გირჩის” განცხადებით, მთავრობას არ სურს ხელფასი უხადოს ადამიანებს და უნდა, რომ ისინი იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად:

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგვეცვა ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დავეხმარეთ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მივიღეთ, ამომრჩევლის გულისწყრომა, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა, რამაც შესაძლებელი გახადა პრემიერ მინისტრის ასეთი ტიპის განცხადება და ინიციატივა.

მიგვაჩნია, რომ მარტო გირჩს არ შეუძლია დაიცვას „ბიბლიური თავისუფლება“ იმ პირობებში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ მოვუწოდებთ ათიათასობით მონობისგან დახსნილ ადამიანს ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია და ჩვენთან ერთად დაიცვას ერთხელ მოპოვებული თავისუფლება”, – წერს “გირჩი”.

პარტიის ცნობით, ისინი ამ საკითხზე ესაუბრნენ პარლამენტარებს, მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში (“ბიბლიურ თავისუფლება”) გაწევრიანებით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს ვეღარ აარიდებენ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპატრიარქოსთანაც გაიარა და ეს “ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი