მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილს მისი გარემოცვიდან „ვიღაცამ უმტყუნა“, თუმცა ამას დიდი სურათისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
თემურ ალასანიამ ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ის ხალხი უფრო საინტერესოა, ვინც სააკაშვილის „დროებითი თანამგზავრები“ იყვნენ. თუმცა ვის გულისხმობს ამ ადამიანებში, ალასანია არ აკონკრეტებს.
„ბევრი ადამიანი, ვინც მის გვერდით იყო, დღეს სხვა საქმიანობითაა დაკავებული. შეიძლება მათ პოლიტიკა აღარ აინტერესებთ, შეიძლება რაღაცას უფრო მნიშვნელოვანს აკეთებენ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კონიუქტურული მოსაზრებებით გამოწვეული[…] ხალხი წერს ლუსტრაცია მოხდაო, კი მოხდა, მაგრამ ეს ლუსტრაცია ჩვენ არც გვრგებს და არც გვავნებს.
რა საკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას დიდი სურათისთვის?! ალბათ, ვიღაცამ უმტყუნა, ვიღაც გვერდზე გადგა… ის ხალხი უფრო საინტერესოა – დროებითი თანამგზავრები. იმიტომ, რომ ისინი მრავალრიცხოვანია. ჩვენ აქ თივის ზვინში ვეძებთ ნემსს, რომელიც ძნელი საპოვნელია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ უმტყუნა, ვინ უთხრა ჩამოდიო… რა ქნეს და როგორ ქნეს ეს, მაგათ სინდისზეა“, – განაცხადა თემურ უგულავამ.
თემურ ალასანიას თქმით, სააკაშვილის გარემოცვიდან იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მის მოტყუებას ცდილობდნენ, თუმცა სააკაშვილი საქართველოში მათი ტყუილების გამო არ დაბრუნებულა. მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყნის ნოსტალგია ჰქონდა და ის საქართველოში პატრიოტულმა გრძნობებმა ჩამოიყვანა.
„ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ამიტომ რომ წავიდა არ დამიჯერა?! – არა, უბრალოდ, ჩემი არგუმენტები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იყო მორალური. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი პატრიოტული გრძნობები, ავადმყოფურ მდგომარეობამდე მისული ნოსტალგია ქვეყნისა და ხალხის, ეს იყო შენაერთი. იცოდა, რომ ქვეყან იღუპება და რაღაცნაირად გამოღვიძება იყო საჭირო.
დღესაც რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ სწორი გავაკეთეო. სადმე გაგიგიათ, რომ სინანული გამოეთქვას, უი, შევცდი, არ უნდა ჩამოსვულიყავიო?! – არა. არავის არ მოუტყუებია, ცდილობდნენ მოეტყუებინათ. მინდა იმათ მივმართო, ვინც ატყუებდა, დაწყნარდით, იცოდეთ, რომ თქვენ ვერავინ ვერ მოატყუეთ, თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ [საქართველოში დაბრუნების] გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ თქვენ დაგიჯერათ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ასე.
მაგრამ, ამ დროებითი თანამგზავრები უკვე მოვლენაა, რომელიც ცალკე შესწავლას საჭიროებს. ალბათ, ეს უნდა შევისწავლოთ, რადგან ისინი ბევრი არიან. ეს არ არის ერთი და ორი კაცი, რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან: ისინი, ვინც მასთან ერთად დაიწყეს, ვინც მერე იბრძოდნენ მასთან ერთად 2016 წელს, 2020 წელს და ა.შ. და ისინი, ვინც მასთან ბოლოში დარჩნენ მასთან, როცა სიტუაცია სრულიად შეიცვალა და იგი არის მსჯავრდებული“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.







