ახალი ამბები

ყოველთვის, როცა პუტინს ვესაუბრები, მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს – შოლცი

10 დეკემბერი, 2022 • 1247
ყოველთვის, როცა პუტინს ვესაუბრები, მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს – შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს.

გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან პოტსდამში მოქალაქეთა დიალოგზე ისაუბრა, სადაც განმარტა რატომ აგრძელებს ამ დრომდე პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას. შოლცი ერთ-ერთია ევროპელი ლიდერებიდან, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პუტინთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი დეკემბრის დასაწყისში შედგა.

შოლცის თქმით, მას და პუტინს სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან საუბარს აგრეძელებს.

„გავაგრძელებ მასთან საუბარს, რადგან მინდა ვიპოვო მომენტი, როდესაც შესაძლებელია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. და ეს შეუძლებელია, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკებით“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, პუტინს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ძალით დაპყრობა სურს, მიუხედავად უკრაინაში ომისას მიღებული დანაკარგებისა.

„ყოველთვის, როცა მე ვესაუბრები პუტინს, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს[…] მას უბრალოდ სურს, ძალით დაიპყროს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი[…] ეს ასეა რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად. ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 100 000“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა მანამდეც სასტიკ მიდგომებს იყენებდა, მაგალითად, სირიასა და ჩეჩნეთში, სადაც მან „მთელი ქვეყანა გაანადგურა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი