ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიჭვინთის ფაზლი – აფხაზ და რუს ჩინოვნიკებს შორის უთანხმოებები ღრმავდება

11 დეკემბერი, 2022 •
ბიჭვინთის ფაზლი – აფხაზ და რუს ჩინოვნიკებს შორის უთანხმოებები ღრმავდება

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში 2022 წლის დეკემბრის პირველ კვირაში მომხდარი სხვადასხვა მოვლენა ისე დალაგდა კომპოზიციურად, გვერდიდან თუ შევხედავთ, დავინახავთ ერთ ჯაჭვურ პროცესს, რომელიც არ არის შემთხვევითი და გარკვეულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ამ საერთო სურათის პირველ ნაწილი აფხაზეთში სახელისუფლებო შენობების კომპლექსის გარშემო მაღალი ღობის მშენებლობაა. მეორე – რუსეთის სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელის ვიზიტი, მესამე კი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტის მომზადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

დავიწყოთ უკანასკნელი ფაქტით. ხუთშაბათს, 8 დეკემბერს სოხუმის სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში არ წასულა, რამდენადაც წინა საღამოს სკოლის მოსწავლეთა მშობლების “ჩატებში” “საიდუმლო” ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები საბრძოლო მზაობაში არიან მოყვანილი და სოხუმის სკოლებში მასშტაბურ შემოწმებებს ატარებენ.

მშობლების ნაწილმა მაშინვე დაიწყო საჯარო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების თვლიერება, სადაც ჩანდა, რომ კაცები ძაღლებით სოხუმის სკოლებთან გადაადგილდებოდნენ.

ცნობამ გაზრდილი საბრძოლო მზაობის შესახებ მოქალაქეებში პანიკა გამოიწვია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე უშიშროები სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა სამძებრო ღონისძიებების დაწყებაზე და სთხოვა, პანიკას არ აყოლოდნენ.

აღნიშნული “შემოწმებების” საბაბი კი ანონიმური ტელეგრამ არხის ამრა ლაიფის [АМРА-life] მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტის მომზადების შესახებ. ვინ დგას აღნიშნული ტელეგრამ არხის უკან, ცნობილი არაა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს რუსული რესურსია.

აფხაზმა იურისტმა საიდ გეზერდაამ არაერთხელ მოუწოდა აფხაზეთის სპეცსამხურებს, პირველ რიგში, გამოიკვლიონ ტერაქტის შესახებ ინფორმაციის პირველწყარო და მხოლოდ ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე დამნაშავეთა ძებნა არ დაიწყონ.

თუმცა, საიდ გეზერდაა აფხაზეთის სახელმწიფო უწყებებში მაღალი რეპუტაციით არ სარგებლობს, რამდენადაც ის ერთ-ერთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის აქტიური მოწინააღმდეგეა.

რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემაზე შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

აფხაზეთის სკოლებში შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციის კონტექტში საგულისხმოა ერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმის სკოლების დაცვით სწორედ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან დაკავებული ადგილობრივ ძალოვანებთან ერთად. შესაბამისად, სწორედ ეს ხალხი “დაკავდა” 3 ათასი წევრისგან შემდგარი ანონიმური ტელეგრამ არხის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლების შემოწმებით.

ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩამოვიდა. ვოლოდინი აფხაზეთში აფხაზეთის სახალხო კრების სპიკერს ლაშა აშუბას, დეპუტატებსა და პრეზიდენტ სლან ბჟანაიას შეხვდა.

ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აფხაზ ჟურნალისტებს მოსთხოვეს, შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე დაეტოვებინათ შეხვედრის ოთახი და არც მისასალმებელი სიტყვის გადაღება აცადეს. მოგვიანებით კი შეხვედრის მონაწილეები პრესასთან ძალიან მწირი ინფორმაციით წარსდგნენ და თქვეს, რომ “შეხვედრა იყო პროდუქტიული და სამომავლო გეგმები განიხილეს”.

ყველაზე მეტად აფხაზური საზოგადოება ვოლოდინის ფრაზამ გააოცა იმაზე, რომ “მეგობრობა არის გზა შემხვედრი ნაბიჯებით”. როგორც ჩანს, რუსეთი მიუთითებს იმაზე, რომ კარგი იქნება, თუ ჰაერში გამოკიდებული საკითხები მალე გადაწყდება. მათ შორის ყველაზე მნიშნველოვანი კი, ბიჭვინთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაა აფხაზეთის პარლამენტის მიერ და აფხაზეთში უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღება.

კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსეთში მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პირდაპირ თუ ირიბად, რომ იდენტური კანონი აფხაზეთმაც უნდა მიიღოს. აფხაზეთში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი მხარს არ უჭერს.

დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა რუსეთის დუმის ხელმძღვანელ ვოლოდინთან შეხვედრაზე, საზოგადოებისთვის უცნობია. აფხაზი დეპუტატები კი ჟურნალისტებს ემალებიან. ზოგიერთ მათგანთან ტელეფონზე დაკავშირებაც შეუძლებელი გახდა, ნაწილი კი ზოგად ფრაზებს იმეორებს. თუმცა, აფხაზეთში რთულია საზოგადოებისგან ბოლომდე ინფორმაციის დამალვა. გარკვეულმა ცნობებმა მაინც “გამოჟონეს”.

ყველა დეტალის შესახებ საუბარი, არ ღირს, რამდენადაც, შესაძლოა, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაც  ვინმეს მიზანს წარმოადგენდეს. თუმცა, ცხადი ხდება, რომ აფხაზ და რუს ჩინოვნიკებს შორის უთანხმოებები ღრმავდება. რუსი თანამდებობის პირები საკუთარი ინტერესების ყველა შესაძლო გზით გატანას ცდილობენ, მაგრამ აფხაზი დეპუტატების მხრიდან ღირსეულ წინააღმდეგობას აწყდებიან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ არის გატანილი პარლამენტის სესიაზე შეთანხმება ბიჭვინთის გასხვისების შესახებ. დეპუტატები არც უახლოესი ვადის დასახელებას ბედავენ, თუ როდის იმსჯელებენ შეთანხმების რატიფიკაციაზე. შესაძლოა, ამ საკითხის გადადება სამთავრობო შენობების კომპლექსში სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდეა გადაწყვეტილი.

პარლამენტთან უკვე ამოყვანილია ბეტონის მაღალი ღობე, რომელსაც ზემოდან კიდევ რკინის ნაგებობა აქვს. იქამდე კი გაამაგრეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი შესასვლელიც, სადაც 2014 წლამდე  ჩვეულებრივი ხის კარი იდგა.

წლების წინ პრეზიდენტის შენობის შტურმმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას მისივე გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ხალხისგან თავდაცვა სჭირდება. ალექსანდრ ანქვაბის “გადაყენების” საბაბი გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტიზაციის თემა გახდა, რულ ხაჯიმბა არჩევნებს “გადაყვა”. დღესაც ცხადია, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს მორიგი შტურმი აირიდოს თავიდან, რომელიც ბიჭვინთის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი