ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო დღეს სასამართლოში რომივითაა, ყველა გზა იქ მიდის – ბურჯანაძე

9 დეკემბერი, 2022 • 964
იუსტიციის საბჭო დღეს სასამართლოში რომივითაა, ყველა გზა იქ მიდის – ბურჯანაძე

გიორგი ბურჯანაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია, აცხადებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო რომივითაა და ყველა გზა მისკენ მიდის.

ამის შესახებ მან დღეს, 9 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მოხდეს.

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლოში რომივითაა. ყველა გზა მიდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში: ახალი გამოცდა გვინდა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გვინდა, რომ მოსამართლეების ახალი თაობა გვყავდეს? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების დანიშვნა გვინდა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის დისციპლინური დევნა გვინდა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო,  მოსამართლის გათავისუფლება გვინდა? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის წარდგენა გვინდა უზენაეს სასამართლოში? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შევქმენით, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მას.

დღეს ყველა კითხვაზე პასუხი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ეს უნდა შეიცვალოს, მას სჭირდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. აუცილებელია არსებობდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც მოსამართლეების ახალ თაობას გაზრდის და ჩაატარებს გამოცდას და ყოველთვის ეყოლება ადამიანური რესურსი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე მოსამართლეები ჩანაცვლდეს და შეივსოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ეს უნდა გაუქმდეს და თვითონ მოსამართლეები უნდა წყვეტდნენ ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 5 წევრის ასარჩევად პარლამენტისთვის 32 კანდიდატია წარდგენილი. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები: ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სულხან სალაძე -ღია სივრცე-კავკასია (COS), კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი, და გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, რომელთაც მხარდაჭერას არასამთვარობო ორგანიზაციები უცხადებენ.

იუსტიციის საბჭოში 5 ადგილის დასაკავებლად 32 კანდიდატი წარადგინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი