ახალი ამბები

2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა – საქსტატი

9 დეკემბერი, 2022 • 992
2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა – საქსტატი

საქართველოში 2022 წლის მესამე კვარტალში წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 745.3 მილიონი აშშ დოლარია, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ამის შესახებ მონაცემები საქსტატმა დღეს, 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 6-ჯერ გაიზარდა და 226 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტირებამ კი 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0%-ით განისაზღვრა.

ფოტო: საქსტატი

რაც შეეხება ინვესტორებს, საქსტატის თანახმად, მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ესპანეთია – 165.9 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3%-ს შეადგენს. მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი 122.9 აშშ დოლარით, რაც 16.5%-ია და მესამე ადგილზეა ირლანდია 120.3 დოლარით (16.1%).

ამასთან, საქსტატის ცნობით, 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5%-ია შეადგენს.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია.

მეორე ადგილზეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი – 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ. აშშ
დოლარით (19.2 პროცენტი).

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემები 2023 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება, რამაც შესაძლოა წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი