ახალი ამბები

კობახიძე პირდაპირ არ პასუხობს, არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი

8 დეკემბერი, 2022 • 803
კობახიძე პირდაპირ არ პასუხობს, არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. ამის ნაცვლად, კობახიძემ მტრის ცნების “სხვადასხვა გაგებაზე” და თქვა, რომ “მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე”.

თავდაპირველად კობახიძემ დასძინა, რომ “რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%” და ეს ფაქტია, თუმცა არ ეთანხმება ფრაზას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომიცაა. მისი მტკიცებით, ვინც ამას ამბობს, მას სურს, “ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც. ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში”.

“ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება. ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი ან არ უნდა იყოს შენი”, — თქვა მან.

“ოცნების” თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, საერთო მტერი არის თუ არა რუსეთი, პირდაპირ მაინც არ უპასუხა.

“ანალიზში არ გინდათ შემომყვეთ და გადადიხართ რაღაც კლიშეებში… არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. როცა რაღაცას ამბობ, მაშინ უნდა დააკონკრეტო, რას გულისხმობ ამაში.

მაგალითად, თუ შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი არის ასე გასაზომი, თითო ტერმინით, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ ხომ საქართველოში? რატომ არ ხსნი? მტერი თუა, იმას ეომები. ხომ ხვდებით, რას ვამბობ? მტერს აქვს სხვადასხვა გაგება. და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას.

მტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები. მეორე გაგება არის, რომ გაქვს რაღაც ორგანული დაპირისპირება. მესამე გაგება არის რაღაც და ა.შ.

მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ ის არის, მოყვარეა თუ ის არის, მეგობარია თუ ბიძაშვილია და არ არის მარტივი კითხვა, იმიტომ, რომ არის რაღაცა მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე”, — დასძინა კობახიძემ.

მისივე სიტყვებით, “ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით, არამედ ანალიზით, რადგან მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე”.

იმედი მაქვს, 34-ვე იდეით იბრძოდა — კობახიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი