„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა ან ჩამორთმევა არ არსებობს. ამის შესახებ მან დღეს, 8 დეკემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა.
თუმცა, მდინარაძე, გუშინ „იმედის“ ეთერში ამბობდა, რომ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს „არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხებიან, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავენ“.
დღეს კი მდინარაძე ამბობს, რომ მოქალაქეობის დაკარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა.
„მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა არ არსებობს, ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა. ერთიც სისულელეა და მეორეც. ჩამორთმევა აბსოლუტურად სხვა რამეა. ავტომატურად არ ხდება და ამას აქვს თავის პროცედურები. მე მგონია, ამ განმარტებას იმიტომ ითხოვთ, რომ კიდევ გამყარდეს ნარატივი, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით, რაც ასე არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ის არავის დამუქრებია და უბრალოდ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, საქართველოს მოქალაქეობას კარგავს.
„ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს სთავაზობენ გარკვეულ ანაზღაურებას, მათ რეკრუტირებას ახდენენ და არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად.
ისინი ამბობენ, რომ ეს “ქართულმა ოცნებამ” კანონი იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდაო, მაგრამ 1999 წლის რედაქციაშიც კი ეს ნორმა ანალოგიური შინაარსით იყო[…] შეიძლება აიძულებენ გადაჭარბებული ნათქვამი იყოს, მაგრამ ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირები ადასტურებინებენ, რომ მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებსა და შეიარაღებულ ძალებში. ამის შესახებ არცერთი ცნობა საქართველოს არ ჰქონია და ახლა თუ ძალით გააკეთებენ იმას, რომ ოფიციალურ დონეზე დაადასტურებენ, რომ სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებიან, რომ უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ მართლა ჩამოართავას მათ ვინმემ მოქალაქეობა, თუ ამის ოფიციალურ დოკუმენტებსა და წყაროებს თვითონ შექმნიან, მერე, ალბათ, ამაზეც ცალკე პიარს ააგებენ[…] შეიძლება ცნობებებიც ჩამოიტანონ პროვოკაციულად, რომ მე ვირიცხები სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და აბა, ჩამომართვით მოქალაქეობაო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, 7 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ თქვა, რომ უკრაინაშიი მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს „არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხებიან, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავენ“:
„მეორე მხარე ვინც ეპატიჟება და 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არ უხსნის, რომ ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ამას არავინ უხსნის და იქნებ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ჩემი დღევანდელი გამოსვლა ამაში წაადგეთ. უნდა იცოდნენ რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარებში. თუმცა, ეს შეიძლება მართალიც არ იყოს და არ ირიცხებოდნენ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის აღნიშნული რიტორიკა დღეს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც გაიმეორეს.