ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარადგინა

8 დეკემბერი, 2022 • 851
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარადგინა

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მორიგი, მე-9 პაკეტი დაუწესა.

„სანქციების არსებული 8 პაკეტი, რაც შევიმუშავეთ, მწარედ მოქმედებს რუსეთზე. დღეს კი რუსეთზე ზეწოლას სანქციების მე-9 პაკეტით კიდევ უფრო ვაძლიერებთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 დეკემბერს.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს „უკრაინაში სიკვდილისა და უბედურების თესვას“, ევროკავშირი კი უკრაინას გვერდში უდგას და რუსეთს სისასტიკისთვის პასუხს აგებინებს.

ფონ დერ ლაიენის თანახმად, სანქციების სიას დაახლოებით 200 პირი და 3 რუსული ბანკი ემატება.

ევროკავშირი კრძალავს რუსეთისთვის დრონების/უპილიტო საფრენი აპარატების მიყიდვას; დრონების ექსპორტი იკრძალება ირანშიც, – რომელიც რუსეთს ამ იარაღით ამარაგებს, – და აკრძალვა ასევე ეხება „მესამე ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა დრონები რუსეთს მიაწოდონ“

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებითვე, პაკეტი ასევე მოიცავს „ექსპორტის კონტროლს, – განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელს, რაც შესაძლოა რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ იქნას გამოყენებული“.

„ჩვენ ასევე მიზანში ამოვიღეთ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და გამოვდივართ ინიციატივით, კიდევ ოთხი არხი მოიხსნას ეთერიდან და, ამასთან, წარვადგინეთ ეკონომიკური ზომები რუსეთის ენერგეტიკისა და მოპოვებითი სექტორის წინააღმდეგ“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი