ახალი ამბები

გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება – ომბუდსმენი

7 დეკემბერი, 2022 • 685
გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ოფისი აქვეყნებს ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმის საბოლოო შეფასებას და წერს, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება.

ომბუდმსენის ოფისი წერს, რომ დაასრულა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა და მიაჩნია, რომ:

„ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით)“.

ომბუდსმენის თანახმად, ამ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქმის მასალების შესწავლა, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით, პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ, ასევე, ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს ანალიზი.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის  ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

„რეკლამების ეპიზოდთან“ დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს (სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით) და აღნიშნა, რომ გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი.

რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, ომბუდსმენმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა.

ამას გარდა, ომბუდსმენის ოფისმა დაუსაბუთებლად შეაფასა პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და „მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელების გამო“, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000- ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით.

დანარჩენ ნაწილში, როგორც ომბუდსმენი აფასებს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით და „ყველა შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია“.

„გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე [უფლებების შეზღუდვაზე პოლიტიკური მოტივით], საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის ოფისის თქმით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები „სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა“.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.


ომბუდსმენის დასკვნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი