ახალი ამბები

გერმანიაში გამოავლინეს ქსელი, რომელიც “სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა”

7 დეკემბერი, 2022 • 1419
გერმანიაში გამოავლინეს ქსელი, რომელიც “სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა”

გერმანული პოლიციის ცნობით, დააკავეს შეთქმულთა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების სათავეში ძალადობრივი გზებით მოსვლას გეგმავდა.

ინფორმაციას, გერმანულ სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის თანახმად, დაკავებულები არიან ტერორისტები, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდებოდნენ გერმანულ მემარჯვენე ორგანიზაციაში, სახელად „Reichsbürgerbewegung“, (ქართ. იმპერიის მოქალაქეების მოძრაობა) რომლის წევრებსაც მიაჩნიათ, რომ თანამედროვე დემოკრატიული გერმანია არალეგიტიმური სახელმწიფოა, ერთადერთი ნამდვილი გერმანია კი გერმანიის იმპერიაა.

პოლიციამ რეიდები ერთდროულად ჩაატარა ქვეყნის 11 მიწაზე.

იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის განცხადებით, ტერორისტული ქსელი გეგმავდა სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეიარაღებულ თავდასხმას.

დაკავებული 25 ადამიანიდან 24 არის გერმანიიდან, ხოლო ერთი – რუსეთის ფედერაციიდან.

ჯგუფის 25 წევრიდან ერთი იტალიაში, ხოლო ერთიც ავსტრიაში დააკავეს.

ფედერალური პროკურატურის თანახმად, კიდევ 27 ეჭვმიტანილი არსებობს, რომელთაც ასევე დააკავებენ.

პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული გერმანელი ბიზნესმენია, რომელსაც იცნობენ, როგორც ჰაინრიხ მეცამეტეს.

გამოძიების მიხედვით, ჰაინრიხ მეცამეტე, რომელსაც შეთქმულების ჯგუფი გერმანიის ახალ ლიდერად მოიაზრებდა, დაუკავშირდა რუს ოფიციალურ პირებს, რათა წინასწარ დაემყარებინათ კავშირები იმ მომენტისთვის, როდესაც გერმანიაში გადატრიალებას მოაწყობდა.

გამოძიების ცნობით, ამ მიზნით იგი დაუკავშირდა რუს ქალს – ვიტალია ბ.-ს, თუმცა რუსეთის საელჩო ბერლინში უარყოფს კავშირს მემარჯვენე ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

პროკურატურის თანახმად, გარდა ბიზნესმენისა, შეთქმულთა ჯგუფში ასევე არიან ყოფილი და მოქმედი ჯარისკაცები, სპეცსამსახურების თანამშრომლები, პარლამენტის ყოფილი წევრი და სხვა მაღალჩინოსნები.

ოფიციალური ვერსიით, შეთქმულები გეგმავდნენ ჯანდაცვის მინისტრის, კარლ ლაუტერბახის გატაცებასაც.

Reichsbürgerbewegung-ის წევრების თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კონსტიტუცია უკანონოა, რადგან წინა კონსტიტუცია არავის გაუუქმებია.

ისინი თავს მიიჩნევენ გერმანული იმპერიის მოქალაქეებად, ცდილობენ არ გადაიხადონ გადასახადები და არ აღიარებენ ადგილობრივ თუ ფედერალურ მთავრობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი