ახალი ამბები

ინფლაცია, ომი, ხარჯების ზრდა, ემიგრაცია – ეკონომისტები საფრთხეებს ასახელებენ

7 დეკემბერი, 2022 •
ინფლაცია, ომი, ხარჯების ზრდა, ემიგრაცია – ეკონომისტები საფრთხეებს ასახელებენ

PMC კვლევითი ცენტრის ანალიტიკური პუბლიკაციის, „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ თანახმად, ქართველი ეკონომისტები, – რომლებიც ძირითადად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, – ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საფრთხეებად ასახელებენ მაღალ ინფლაციას, უკრაინაში ომს, ხარჯების ზრდასა და შრომით ემიგრაციას.

გამოკვლევა, რომელიც 60 ქართველი ექსპერტის გამოკითხვას ეფუძნება, ამბობს, რომ ექსპერტების მოლოდინი უარყოფითია საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გამოკითხული ეკონომისტების გადმოსახედიდან, 2022 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი საშუალოდ 9.5%-ია; მათი მოლოდინია, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ინფლაცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდება.

უდიდესი საფრთხეები ეკონომიკისთვის

ეკონომისტების გამოკითხვის თანახმადვე, საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს ამჟამად წარმოადგენს მაღალი ინფლაცია. ინფლაცია საფრთხედ გამოკითხული ექსპერტების 90%-მა დაასახელა.

ეკონომიკისთვის სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებს შორის ექსპერტები ასახელებენ რუსეთის ომს უკრაინაში (77% ამბობს, რომ ეს ძალიან მაღალი ან მაღალი საფრთხეა), ცხოვრების ხარჯების ზრდასა (72%) და შრომით ემიგრაციას (61%).

ამასთან, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში იმიგრაცია (50%) და მაღალი უმუშევრობა (45%) არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეებს.

 

ფისკალური პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6%-ს მიაღწია.

კვლევის ფარგლებში ეკონომისტებმა შეაფასეს, თუ რომელი ზომები იქნება ყველაზე ეფექტიანი საქართველოში ინფლაციის დასაძლევად.

გამოკითხულ ეკონომისტთა 94% თვლის, რომ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკა ყველაზე ეფექტური იქნება მაღალი ინფლაციის საწინააღმდეგო სხვა ზომებთან შედარებით. დაახლოებით ამდენივეს (89%-ს) სჯერა უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობისა.

ეკონომისტთა უმეტესობა (44%) ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზეც უნდა გავრცელდეს 2023 წლიდან.

[ესტონური მოდელი გულისხმობს მოგების გადასახადის 20-დან 15 პროცენტამდე შემცირებას, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, საწარმოს (კომპანიის) ამ გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას.

5 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის არსებული სისტემა შენარჩუნდება და ნაცვლად იმისა, რომ 15%-მდე შემცირებულიყო, კვლავ 20% დარჩება].

მეორე მხრივ, ეკონომისტებმა ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი შეაფასეს, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები. მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება იყოს ეფექტიანი. არცერთი რესპონდენტი არ მიიჩნევს ხელფასების კონტროლს ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად.

თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც იწვევს ინფლაციის მაღალ დონეს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი