კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის — ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისთვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, — ნათქვამია ილია მეორეს სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ხუთი ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.