ახალი ამბები

სუსტადაა, მაგრამ “კარგ ხასიათზე” — კოლესნიკოვა ციხეში დააბრუნეს

6 დეკემბერი, 2022 • 578
სუსტადაა, მაგრამ “კარგ ხასიათზე” — კოლესნიკოვა ციხეში დააბრუნეს

პატიმრობაში მყოფი ბელარუსელი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა, კუჭის წყლულის გამო ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან ისევ კოლონიაში გადაიყვანეს.

მამის ინფორმაციით, რომელმაც 10 წუთით შეძლო შვილის მონახულება, კოლესნიკოვამ წონაში დაიკლო და დასუსტებულია. თუმცა, როგორც ალექსანდრ კოლესნიკოვმა Associated Press-ს უთხრა, მარია “კარგ ხასიათზეა და გაღიმებაც კი სცადა”.

მარია კოლესნიკოვა კლინიკის ქირურგიულ დეპარტამენტში 28 ნოემბერს გადაიყვანეს, შემდეგ კი რეანიმაციაში მოათავსეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჰოსპიტალიზების შესახებ მომდევნო დღეს გახდა ცნობილი.

თანაგუნდელების თქმით, კოლესნიკოვა საავადმყოფოდან ციხეში გასული კვირის ბოლოს დააბრუნეს. 5 დეკემბრის  განცხადების მიხედვით, ამჟამად პოლიტიკოსი ციხის სტაციონარშია და კიდევ 10 დღით უნდა დარჩეს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

პროფესიით ფლეიტისტი კოლესნიკოვა ბელარუსის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტიურად ჩაება 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბაბარიკო, ისევე როგორც სხვა კონკურენტები, ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სხვადასხვა გზით — დაპატიმრებითა თუ ქვეყნის დატოვების იძულებით — ჩამოიშორა, რის შემდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატად ერთ-ერთი ოპოზიციონერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.

კოლესნიკოვა ტიხანოვსკაიას მოკავშირე იყო, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, როცა ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა, მასობრივი და უპრეცედენტო საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ სახედ იქცა.

პროტესტს ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ძალადობითა და მასობრივი დაკავებებით უპასუხა.

2020 წლის აგვისტოში დაკავებული კოლესნიკოვა, კიდევ ერთ ოპოზიციონერ აქტივისტთან, მაქსიმ ზნაკთან ერთად, გასული წლის ივლისში გაასამართლეს და 11 წელი მიუსაჯეს.

ის დაადანაშაულეს ეროვნული უსაფრთხოების შერყევასა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი