რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შეკრებილი კონსილიუმის წევრია, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდა.
გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, რასაც „ვივამედის“ ექიმებიც ადასტურებენ.
„28% წონის კარგვა არის ძალიან დიდი. ითვლება, რომ კრიტიკულია 30% და კრიტიკულის შემდეგ შეიძლება, შეუქცევადი სიტუაციები დაიწყოს. ასეთი წონის ვარდნა თუ გაგრძელდა, კიდევ დაახლოებით თვე, თვე-ნახევრის შემდეგ ორგანიზმის რესურსები ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, სისხლდენები იცის კახექსიამ“, — განაცხადა გრიგოლიამ.
მისი აზრით, არა მარტო კლინიკა „ვივამედში“, არამედ მთლიანად ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია.
ცენტრ „ემპათიის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg).
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ კონსილიუმის ექიმები სწავლობენ „ემპათიის“ დასკვნას და აფასებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის შემდეგაც ომბუდსმენი წარმოადგენს თავის შეფასებას სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება ომბუდსმენის კონსილიუმის ნეგატიურ პროგნოზს — ლომჯარია