სახალხო დამცველი ექიმთა კონსილიუმთან ერთად სწავლობს ცენტრ “ემპათიის” დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ჩვენი ექიმები შეაფასებენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ამ დასკვნის მიხედვით იმიტომ, რომ იქ არ არის მხოლოდ შეფასება, არის პაციენტის გასინჯვის შედეგად მიღებული ინფორმაციები, ლაბორატორიული შედეგები და ა.შ.”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, “ემპათიის” დასკვნა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მდგომარეობა შეესაბამება სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის ნეგატიურ პროგნოზს.
“ჩემს სამედიცინო კონსილიუმთან მაქვს აქტიური კონსულტაციები. მათ გავაცანით ექსპერტიზის დასკვნა და განვიხილავთ, რა ფორმით შეიძლება იყოს ამ საქმეში სახალხო დამცველი ჩართული. მათ შორის, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა ამ საქმეზე. ამ წუთას რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა გაზაფხულზე”, — განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება.
“ვმსჯელობთ, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას თუ გადავადებას და თუ გადავწყვეტთ, გვექნება საჯარო პოზიცია”, – აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სულ მცირე, სამედიცინო განათლების მქონე პირების პრეროგატივაა და მმართველი გუნდის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ეს შეფასებები არის არაკომპეტენტური და მიკერძოებული.