ახალი ამბები

ღარიბაშვილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით — მელია

5 დეკემბერი, 2022 •
ღარიბაშვილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, „პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი“ შეურაცხყოფს უკრაინაში დაღუპულ გმირებს, როდესაც ამბობს, რომ ისინი ომში პარტიამ წაიყვანა.

„სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს, რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში. დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, ვინ არის მტერი და იცოდნენ, როგორ მოიპოვება თავისუფლება! საქართველოში დღეს არის „მშვიდობა“ არა იმიტომ, რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ“, — აცხადებს ნიკა მელია.

ის ხაზს უსვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა სამი დღის დაგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია.

„ასეთ სამძიმარს სჯობდა საერთოდ არ ეთქვა. ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა. ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ეს ადამიანი კი ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების — ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!“, — წერს მელია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრებისას განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. მისი თქმით, ომში დაღუპული ადამიანებით „ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“.

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი