ახალი ამბები

სამძიმარი გამოიყენეს შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის – ბოკერია „ოცნებაზე“

5 დეკემბერი, 2022 • 770
სამძიმარი გამოიყენეს შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის – ბოკერია „ოცნებაზე“

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისადმი სამძიმარი გამოიყენეს „შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის“.

ბოკერიას თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინაში ბრძოლით თავისი ნებით იცავს ქვეყნის თავისუფლებას.

„ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონოდათ.

სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არაცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე, როგორ ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს, რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, ან როცა ის თავს დაგვესხა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები „პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილია“.

„გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი ეს მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლომაზე, რომ დაცულები ვიყოთ.

ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან და პლუს დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავთ ომში, ანუ მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი, რაც დღეს მოვისმინეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრებისას განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. მისი თქმით, ომში დაღუპული ადამიანებით „ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი