ახალი ამბები

რუსეთში, ავიაბაზაზე აფეთქების შედეგად ორი TU-95 დაზიანდა

5 დეკემბერი, 2022 • 1982
რუსეთში, ავიაბაზაზე აფეთქების შედეგად ორი TU-95 დაზიანდა

ორშაბათ დილას რუსეთში, ორ ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ჯერჯერობით დაუდგენელი საფრენი აპარატის „ჩამოვარდნის“ შედეგად ორი სტრატეგიული ბომბდამშენი, TU-95 დაზიანდა.

ამ დილას აფეთქება მოხდა რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში, რიაზანში მდებარე ავიაბაზაზე. „რია ნოვოსტის“ ცნობით, „საწვავის კონტეინერის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა“.

TU-95 (რომლებიც ენგელსის ავიაბაზაზე დაზიანდა) არის მძიმე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავი, რომელიც ერთიანდება რუსეთის შეკავების ძალების „ბირთვულ ტრიადაში“.

ენგელსი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კმ-ითაა დაშორებული.

ინფორმაციას ტელეგრამ არხები, მათ შორის ASTRA, NEXTA და BAZA, ავრცელებენ.

Baza-ს ცნობითვე, დაშავდა ერთი პირი, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურე, ASTRA კი ორ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეზე ავრცელებს ინფორმაციას.

რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ უკრაინის ტერიტორიებს ენგელსის საჰაერო ბაზიდან მომავალი Tu-95 გამანადგურებლები უტევდნენ. პირველ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია,- რაც Maxar-ის სატელიტურ ფოტოებს ეყრდნობოდა, სადაც ბაზაზე „განსაკუთრებით მაღალი აქტივობა“ ჩანდა, – რომ ენგელსის სამხედრო ბაზიდან რუსეთი ძლიერი საჰაერო შეტევისთვის ემზადებოდა.

„რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის განყოფილება, „იედლ რეალიი“ იუწყება, რომ ენგელსისა და სარატოვის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დილის 6 საათისათვის ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი