ახალი ამბები

მაკრონი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს

4 დეკემბერი, 2022 • 1657
მაკრონი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ მოაგვაროს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დასთანხმდება.

„როიტერსის“ ცნობით, ფრანგულ ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში, რომელიც ჩაწერილია შეერთებულ შტატებში გასულ კვირას მისი ვიზიტის დროს, მაკრონმა თქვა, რომ ევროპამ თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა მოამზადოს.

„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ — როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა — არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარებს მიაღწევს; ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს“, — თქვა მაკრონმა.

მისი თქმით, ეს იქნება სამშვიდობო თემების ნაწილი.

„ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ, თუ რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, — განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის იქნება რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზად.

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ამისთვის საკმარისია:

  • დატოვონ უკრაინის ტერიტორია;
  • რეპარაციების გადახდა;
  • დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
  • ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობა.

„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, — აცხადებს არახამია.

2021 წლის დეკემბერში, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზებით ომით მუქარის პარალელურად, რუსეთმა აშშ-ს და ნატო-ს უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმება შესთავაზა და უარი მიიღო. მოსკოვი მოითხოვდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

რუსეთის მოთხოვნა იყო, არ განთავსდეს ნატოს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი