ახალი ამბები

„ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა

3 დეკემბერი, 2022 • 615
„ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა. შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა კვირის დასაწყისში დააანონსა პარტიის თავმდჯდომარეობის სამივე კანდიდატი ესწრებოდა. ხაბეიშვილის გარდა აქციაზე ასევე იმყოფებოდა პარტიის წევრი გიორგი მუმლაძე და მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია.

აქციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი ენმ-დან ხატია დეკანოიძეც. „ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული აქცია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმ კონდიციაში, რა კონდიციაც წარმოუდგენლად მძიმეა. მათ შორის წარმოუდგენელია საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს. მე დიდი იმედი მაქვს და ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვამბობ, რომ სასამართლო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რაც არის მისი გადაყვანა და გათავისუფლება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან/და სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო სხდომის სწრადაფ დანიშვნაა, რამდენადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ხაბეიშვილის თქმით, ყოველი წუთი გადამწყვეტი შეიძლება იყოს:

„ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა იმიტომ, რომ ყოველი წუთი, ყოველი საათი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. ყველამ ერთმანეთს მივცეთ პირობა, რომ როგორც კი ჩაინიშნება სასამართლო, კიდევ უფრო მეტნი, კიდევ უფრო მობილიზებულები ვიდგეთ იქ და დავიცავთ პრეზიდენტის სიცოცხლეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე.

აქციას შუერთდნენ სხვა პოლიიტკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათ შორის „ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდა ზურაბ ჯაფარიძე:

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ერთადერთ შემთხვევაში წავა დათმობაზე – თუ ოპოზიციურ ფლანგზე იქნება დიდი ერთობა, ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს დათმობებზე წავიდეს. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, რომ ესენი არიან ხალხი, რომლებიც დათმობაზე წავლენ ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ან იმის გამო, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, თუნდაც სააკაშვილთან მიმართებაში.

ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) უკანდახევას უყურებს როგორც სისუსტის გამოვლინებას. ერთადერთი, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს, მათ შორის გადაიდგას ნაბიჯი სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. ასეთ ძალას კი ავტოკრატიებში ქმნის მხოლოდ ერთობა“, – ამბობს აქციაზე მყოფი ზურაბ ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი