ახალი ამბები

ჩეხეთის საელჩო მიიჩნევს, რომ ელჩის კომენტარი „კონტექსტის გარეშე გავრცელდა“

2 დეკემბერი, 2022 •
ჩეხეთის საელჩო მიიჩნევს, რომ ელჩის კომენტარი „კონტექსტის გარეშე გავრცელდა“

ჩეხეთის საელჩომ საქართველოში გაავრცელა ოფიციალური განცხადება ელჩ პეტრ მიკისკასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ღვთისიაშვილს შორის დღეს, 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.

„ელჩმა განმარტა, რომ თავისი კომენტარი, რომელიც გავრცელდა კონტექსტის გარეშე, იყო დაკავშირებული არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, არამედ ორმხრივ ვაჭრობასთან. ელჩმა იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით.

ორივე მხარემ განიხილა სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლის საკითხი ამ და სხვა სენსიტიურ თემებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაფანტულია და საკითხი არ იმსახურებს დისკუსიის გაგრძელებას“, — აცხადებს ჩეხეთის საელჩო საქართველოში.


ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და “საკმაოდ დარწმუნებულია”, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

მან უპასუხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვას. უგულავამ იკითხა, იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს.

„მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – განაცხადა მან და დასძინა:

„ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.

ვრცლად ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი