ახალი ამბები

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა – ნაყოფია

2 დეკემბერი, 2022 •
ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა – ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს, 15:00 საათზე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ გაავრცელა.

მისი თქმით, ახლა თავად კიევში იმყოფება, სადაც პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით –  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ამიტომ ცოტა გაკვირვებულია ენმ-ის წევრთა ნაწილის სიჩქარით, რომლებმაც პოლიტსაბჭოს სხდომის სწრაფად ჩატარება მოითხოვეს.

„მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე[…]

მე კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ, არავის არ უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი მის შედეგზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და კამპანია იყოს ღირსეული“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.


დღეს, 2 დეკემბერს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ენმ-ის ხელმძღვანელებს მოუწოდეს, რომ დროულად მოიწვიონ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა  პარტიის შიდა არჩევნები სწრაფად ჩატარდეს. მათი განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს, რადგან ეს ყველა გათვლებით შესაძლებელია და ამას  პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება სჭირდება.

ხაბეიშვილის შტაბი შიდა არჩევნების “დროულად” ჩატარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი