ახალი ამბები

ხაბეიშვილის შტაბი შიდა არჩევნების “დროულად” ჩატარებას ითხოვს

2 დეკემბერი, 2022 • 497
ხაბეიშვილის შტაბი შიდა არჩევნების “დროულად” ჩატარებას ითხოვს

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ენმ-ის ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, რომ დროულად მოიწვიოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა  პარტიის შიდა არჩევნები სწრაფად ჩატარდეს.

ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა მუშაობა გუშინ დაასრულა და მზადაა დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება. მისივე თქმით, შერჩეულია ელექტრონული პლატფორმები და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესისთვის სასაგრებლო არ იქნება.

„პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ენმ-ისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები.

ამისათვის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ასევე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა და განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება”, – თქვა ბეჟაშვილმა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი მუმლაძემ და ლევან ხაბეიშვილმაც.

თუმცა, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნები გადაიდოს. როგორც ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა და თუ ამის გამო საჭირო გახდება, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ენმ-ში შესაძლოა შიდა არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ

მასალების გადაბეჭდვის წესი