ახალი ამბები

პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

2 დეკემბერი, 2022 • 474
პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 2 დეკემბერს გააკეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ არალეგალური თანხების კანონიერების მისაცემად საქართველოში, ერთ-ერთ ბანკში, 7 მილიონ ლარზე მეტი განათავსა, მის წარმომავლობასთან დაკავშირებით კი ბანკს ყალბი დოკუმენტაცია მიაწოდა:

“თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.

აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ არალეგალური წარმომავლობის თანხას.

ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც 9-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს აღნიშნულ საქმეზე სხვა შესაძლო მონაწილე პირების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი