ახალი ამბები

9 დეკემბერს თბილისში ნაძვის ხის ანთების პარალელურად აქცია გაიმართება

2 დეკემბერი, 2022 • 2712
9 დეკემბერს თბილისში ნაძვის ხის ანთების პარალელურად აქცია გაიმართება

9 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისში ნაძვის ხის ანთების პარალელურად აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან მოითხოვენ, შეცვალოს ან გააუქმოს საახალწლო წარწერა – „მშვიდობის ქალაქი“. აქციის ორგანიზატორი „ტალღაა“.

„უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა. ვისაც უნდა, სარგებლობდეს კანონით მონიჭებული აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ყველა, ვისაც ევროპის ოჯახში უნდა, ყველა, ვისაც არ უნდა მთავრობის უგუნურობის გამო სირცხვილისგან თავჩაქინდრული დადიოდეს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორების თქმით,  თვითმმართველობის კოდექსი თბილისის მერიას ავალდებულებს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს.

მათივე თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიაც ითავლისწინებს, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის.

„თბილისის მერია არის ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) ადგილობრივი პროგრამის მონაწილე. პროგრამის მიხედვით, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მიზნად ისახავს ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდეს უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეების მიმართ, ამაღლდეს მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ.

ეს კი მოითხოვს ცვლილებებს არსებული მმართველობის გარემოს ნორმებსა და კულტურაში და მიიღწევა ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. ამ პრინციპზე, როგორც სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პრინციპზე, გადაწყვეტილებებში მერიას აქვს პასუხისმგებლობა აღებული და ამიტომ,მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.

სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სლოგანი უადგილოა იმ ფონზეც, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ.

30 ნოემბერს, 21:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით აქციაც გაიმართება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ფონზე „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური ან/და ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადება არ არის. ასევე, კრიტიკოსებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტები სპეკულაციებსა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი