ახალი ამბები

რა ვქნათ, მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! — კალაძე

30 ნოემბერი, 2022 • 807
რა ვქნათ, მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! — კალაძე

დღეს, 30 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა ახალ საახალწლო სლოგან „მშვიდობის ქალაქსა“ და არსებული კრიტიკის შესახებ.

ვრცელ სიტყვაში მან თქვა, რომ უკრაინაში ომის ფონზე „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური ან/და ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადება არ არის. ასევე, კრიტიკოსებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტები სპეკულაციებსა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.

„თქვენ იცით, რომ ყოველ წელს ჩვენ გვაქვს საახალწლო სლოგანი. 2018 წლიდან ეს საახალწლო სლოგანი იცვლებოდა, იყო – „სიცოცხლით სავსე თბილისი“; „სიყვარულით სავსე თბილისი“; „ისტორიით სავსე თბილისი“; „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“, მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, პირველი, რასაც ინატრებს და ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა“ ,— თქვა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით, როდესაც ახალი ინიციატივა ან „საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული“ ჩნდება ხელისუფლებისა თუ საზოგადოების მხრიდან, „მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფა, ცილისწამება“.

„გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, ჩვენი საახალწლო სლოგანი —„მშვიდობის ქალაქი“ — წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს, არასდროს გააკეთებს. თუმცა მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება.

ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონსა და ზოგადად, თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლიდან ყველა თბილისელი და ყველა ქართველი ისურვებდა.

ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. დიახ, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. თურმე, ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი დღეს სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. მე დღეს მრცხვენია ამ თემაზე საუბრისა და ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მიწევს. რა ვქნათ, მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის, ყველა ქვეყნის მიმართულებით?“, — თქვა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი მიისწრაფვის. ასევე ის, რაც ყველა პოლიტიკოსს უნდა აერთიანებდეს.

„დღეს მიწევს ერთი რამის თქმა: გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი. რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი განმეორებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი“, – ამბობს კალაძე და დასძენს, რომ სინამდვილეში „მათ თავად მშვიდობა აღიზიანებთ“.

მისივე თქმით, მთავარი ის კი არ არის, რა წარწერა იქნება და რა სლოგანს გამოიტანს დედაქალაქის მერია, მთავარია გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ხალხი“.


29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.

სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სლოგანი უადგილოა იმ ფონზეც, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ.

30 ნოემბერს, 21:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით აქციაც გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სლოგანის შეცვლის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი