ახალი ამბები

ის ლობისტები მოიკითხონ, ვინც ივანიშვილს იცავენ – დეკანოიძე ალასანიას მიერ ლობისტების ქირაობაზე

1 დეკემბერი, 2022 • 1803
ის ლობისტები მოიკითხონ, ვინც ივანიშვილს იცავენ – დეკანოიძე ალასანიას მიერ ლობისტების ქირაობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გიული ალასანიას მიერ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე და აცხადებს:

„ის ლობისტური კომპანიები მოიკითხონ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ…“.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურ საიტზე, Fara.gov-ზე,- სადაც კანონმდებლობის შესაბამისად, ლობისტური იურიდიული ფირმები უცხოეთიდან დაკვეთების შესახებ ინფორმაციას ათავსებენ, – გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დაიქირავა ლობისტური კომპანია GP International/GlobalPoint International.

კონტრაქტის თანახმად, კომპანია დაეხმარება გიული ალასანიას, – რომელიც შვილის, მიხეილ სააკაშვილის მინდობით მოქმედებს, – „სტრატეგიული რჩევებით“, ასევე, გაუწევს დახმარებას მედიაურთიერთობებსა და გავლენიან პირებთან კომუნიკაციაში.

კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, რომ გავლენიან პირებს აცნობოს ინფორმაცია იმ სამართლებრივი დახმარების შესახებ, რასაც კომპანია Akerman უწევს მიხეილ სააკაშვილს „მისი ჰუმანიტარული და სამართლებრივი მიზნებით და რაც უკავშირდება ფინანსურ და რეპუტაციულ შედეგებს“.

[გიული ალასანიამ 2022 წლის ივლისში განაცხადა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ფირმა „აკერმანს“ მიმართა, გაეგზავნა საქართველოში იურისტები და მედიცინის ექსპერტები. ამ ფირმის წარმომადგენლებმა ოქტომბერშიც მოინახულეს სააკაშვილი].

კონტრაქტი ძალაში 17 ნოემბრიდან 16 იანვრამდე იქნება. 10 დეკემბრამდე ალასანიამ 15000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს, სრული სერვისის მიღების შემდეგ კი – დანარჩენი 15 000 (ჯამში, 30 000 აშშ დოლარი).

„ოცნების“ ლიდერების განცხადებები

ინფორმაცია გიული ალასანიას მიერ ფირმის დაქირავებასთან დაკავშირებით 30 ნოემბერს გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“. პირველ დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.

მაგალითად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს არის პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება, რომ ქვეყანაში ვითარება არიონ“.

პარლამენტის თავმჯდოპმარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ამ ლობისტური საქმიანობის შედეგებს მალე ვნახავთ“ და თქვა:

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სააკაშვილთან მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, ყველანაირად აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც „გირგვლიანის საქმეს“ შეეხებოდა“.

რას ამბობს ალასანია და პარტია

გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან ამ საკითხზე განაცხადა:

„ეს კომპანია ჯერ არ ამუშავებულა, არ ვიცი, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება. ესენი ლობისტები არ არიან, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება“.

„ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ და განაცხადა, რომ ოჯახისთვის პირველ რიგში დგას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის შვილი, მამა და, ცხადია, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან“.

ხატია დეკანოიძემ „ოცნების“ ლიდერებს ურჩია, „თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ“:

„სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი