ახალი ამბები

გარკვეული ტიპის გადახრები ყველას აღენიშნება – კობახიძე სააკაშვილზე

1 დეკემბერი, 2022 • 737
გარკვეული ტიპის გადახრები ყველას აღენიშნება – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცენტრი „ემპათია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულია და ამიტომ მისი სანდოობა ნულის ტოლია.

ამის შესახებ მან დღეს, პირველ დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიის“ მიერ დასახელებული დიაგნოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაუსვან. ამიტომ, მისი თქმით, „ემპათიის“ დასკვნა არაფერს ნიშნავს.

„რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ და ა.შ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს.

კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარკამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილისადმი ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენაა, მიუხედავად წარსულში მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა.

„მთავარია დიაგნოზი, რეალურად როგორია პატიმრის მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია, ემორჩილება თუ არა პატიმარი დანიშნულებებს, მითითებებს, რჩევებს, რომლებსაც მას აძლევენ მკურნალი ექიმები და ა.შ. ეს ყველაფერია საინტერესო და არა პიარკამპანიები. 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყენებს, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

„ემპათიის“ ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შედგება 194 გვერდისა და 22 დანართისგან. დოკუმენტი მოამზადა ცენტრის სასამართლო საექსპერტო კომისიამ, რომელშიც „ემპათიის“ თქმით, შედიოდნენ ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე ძირითად დიაგნოზებს არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი