ახალი ამბები

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

1 დეკემბერი, 2022 • 295
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა.

1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

დანაშაულები ითვალისწინებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიებით თანახმად, დადგინდა, რომ მ.დ.-მ და მ.მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს “ქურდული სამყაროს” წევრებს – გ.დ.-ს, კ.ჩ.-ს და გ. ფ.-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ბრალდებულები , „ქურდული სამყაროს“ წევრები, აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს – მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

„ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, „ქურდული გარჩევის“ შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არგადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი