ახალი ამბები

საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ისტორიის სწორ მხარეს დარჩეს – ესტონეთის ელჩი

30 ნოემბერი, 2022 • 963
საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ისტორიის სწორ მხარეს დარჩეს – ესტონეთის ელჩი

ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი აცხადებს, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში საერთაშორისო წესრიგი ჩამოიქცევა, რაც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით კი – საქართველოს; სწორედ ამიტომ, ელჩის განცხადებით, საქართველომ „უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ისტორიის სწორ მხარეს დარჩეს“.

„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში და ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს საერთაშორისო წესრიგი ჩამოიშლება“, – განაცხადა ელჩმა კალიურანდმა 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მან დასძინა, რომ დასავლეთმა ისეთ ერთობას მიაღწია, როგორიც აქამდე არასოდეს უნახავთ.

„თუკი უკრაინა დამარცხდება, ან ომი დასრულდება ისეთი შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინის ნაწილი მაინც დარჩება ოკუპირებული, ეს რუსეთს მისცემს სიგნალს, რომ ასეთი საქციელი დაუსჯელი დარჩება. ეს გაართულებს ვითარებას ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, და თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

„ეს არის ის უდიდესი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება. ამიტომაც არის, რომ საქართველომ მართლაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დარჩეს ისტორიის სწორ მხარეს“, – განაცხადა მან.

ელჩი ასევე გამოეხმაურა ევროპაში ენერგიის ფასებისა თუ სხვა საქონლის ფასის მატებას ზამთრის დადგომის ფონზე და განაცხადა:

„თუკი ფოკუსი იმაზე გვექნება, რაც უკრაინაში ხდება, ვფიქრობ, ენერგიის ფასი მეორეხარისხოვანია. ჩვენ შეგვიძლია ეს ფასი გადავიხადოთ ევროებითა და დოლარებით, უკრაინელებს კი საკუთარი სიცოცხლით მოუწევთ ამ ფასის გადახდა. აი, ეს არის განსხვავება“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი