ახალი ამბები

მელია: სამწუხაროდ, მეგობრების ნაწილი განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას

30 ნოემბერი, 2022 • 1558
მელია: სამწუხაროდ, მეგობრების ნაწილი განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა მელია აღნიშნავს, რომ „მათი მეგობრების ნაწილი“ კვლავაც ცდილობს განკრეძოებულად ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება საერთო მიზანს:

„რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და, შესაბამისად – არც შედეგს.

სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე. ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში.

ვიტოვებ იმედს, რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება“, – ამბობს ნიკა მელია და აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონლაური მოძრაობის სახელით“ აცხადებს, რომ იქნება ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა შაბათს, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დაანონსა . როგორც ხაბეიშვილი ბრიფინგზე განმარტავდა, აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა.

დაანონსებულ აქციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა პარტიის შიგნით. ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქციის დაანონსება მიზანშეწონილად არ მიაჩანია.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ ჩემი დღევანდელი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად [აქცია], რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული[…]“ ,- თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი