ახალი ამბები

სიმულანტობს… ცილებსაც საკმარისად იღებს – კობახიძე სააკაშვილზე

4 მაისი, 2022 • 1097
სიმულანტობს… ცილებსაც საკმარისად იღებს – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულანტობს და ცილებსაც საკმარისი რაოდენობით იღებს. ამის შესახებ მან დღეს, 4 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სააკაშვილი ცდილობს სიმულანტობის ხარჯზე საპატიმროს თავი დააღწიოს. როგორც კობახიძე ამბობს, „ვერანაირი სიმულანტობა, თვითდაზიანება თუ რაიმე მსგავსი“ სააკაშვილის გათავისუფლების, სხვა ქვეყანაში გადაყვანისა და შინაპატიმრობის საფუძველი ვერ გახდება.

„პატიმრის მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, თვითდაზიანებაზე – პატიმარს. თუმცა დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას. სინამდვილეში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი სათანადოდ ჯანსაღ მდგომარეობაშია და თვითდაზიანებაც არ მიუყენებია, მათ შორის, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს.

„ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ შეიძლება ჰქონდეს ანორექსია. ანორექსია რა შუაშია, საერთოდ ვერ გავიგე.  ჯერ ერთი ანორექსია 90% ქალებს ახასიათებს და 10% კაცებს. ამას აქვს კონკრეტული ფქიქიკური მიზეზი და, წესით, სააკაშვილს ეგ ფსიქიკური მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. ვიზუალური დათვალიერებით რაღაც დასკვნებს ვერ ექნება სერიოზული აღქმა ჩვენი მხრიდან. არავითარი დიაგნოზი არ არსებობს”, – აცხადებს კობახიძე.


სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.

ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი