ახალი ამბები

მელია: თუ გინდათ ვთქვა, რომ ჭიაბერაშვილი ვინმეს პროექტია – ამას არ გეტყვით

28 ნოემბერი, 2022 • 797
მელია: თუ გინდათ ვთქვა, რომ ჭიაბერაშვილი ვინმეს პროექტია – ამას არ გეტყვით

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკას მელიას თქმით, არ მიაჩნია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი „არის ვინმეს პროექტი“ ან ვინმეს დავალებას ასრულებს.

27 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მასაც უფიქრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შესარჩევ შიდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მელიას დღეს, 28 ნოემბერს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ჭიაბერაშვილის ამ პოზიციაზე.

„თუ გინდათ გიპასუხოთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი ან ვინმეს დავალებას ასრულებს – ასეთ პასუხს მე არ გაგცემთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პროცესში, დაარწმუნოს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრები იმაში, რომ ისინი დარეგისტრირდნენ კანდიდატებად და ამის შემდეგ, კი ბატონო, გაიმართოს დემოკრატიული პაექრობა“, – უთხრა მელიამ ჟურნალისტებს.


ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაცხადებული აქვს ლევან ხაბეიშვილს, მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ასევე აქტივისტ გიორგი მუმლაძეს. გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი ხშირად აკრიტიკებენ ნიკა მელიას „უმოქმედობის“ გამო.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოფიციალურად არ მონაწილეობს პარტიის მართვის პროცესში, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის თანახმად, თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.

ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის თავმჯდომარეობის სურვილის გაცხადებიდან მალევე ტვ პირველის ეთერში 23 ნოემბერს თქვა, რომ წლების წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის „მოპარულ მილიონებზე“ საუბრობდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აზრიც შეეცვალა.

„რაც შეეხება კეზერაშვილის [ჩემ] უკან დგომას და არჩევნებს, კეზერაშვილს ერთი ხმაც კი არ აქვს ამ[ენმ-ის] არჩევნებში. მართლა არ მესმის, რატომ შეიძლება დავით კეზერაშვილს პარტიის გაკონტროლება სურდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი