ახალი ამბები

მაშინ ვლაპარაკობდი კეზერაშვილის მილიონებზე, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ხაბეიშვილი

23 ნოემბერი, 2022 • 1448
მაშინ ვლაპარაკობდი კეზერაშვილის მილიონებზე, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ წლების წინ დავით კეზერაშვილის „მოპარულ მილიონებზე“ საუბრობდა, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აზრიც შეეცვალა.

ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ჰკითხა, დასწამა თუ არა ცილი თავის დროზე დავით კეზერაშვილს.

პასუხად ხაბეიშვილმა კეზერაშვილისადმი ძველი დამოკიდებულება „ევროპული საქართველოს“ მიმართ მისი დამოკიდებულებით ახსნა, რადგან მაშინ კეზერაშვილი მხარს ამ პარტიას უჭერდა.

„რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ განცხადებებს, 2016 წელი იყო და ჩემი დამოკიდებულებები მქონდა, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით, რაც არ შემცვლია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებიდან შეიძლება ვინმესთან არ ვითანამშრომლო და 2016 წლის მერე იყო იგივე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, 2016 წლის მერე იყო დავით კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა და მე ყოველდღე ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე საქართველოზე თავდასხმებს, მათ შორის, კეზერაშვილზე და ხაბეიშვილზე…

მაშინ ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომელიც შესაძლოა იყო მოპარული. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამის შემდეგ იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება. დრო გავიდა, მე ხომ ინაშვილის პარტიას არ წარმოვადგენ და კობახიძეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ფეხებზე ჰკიდია და ევროპული სასამართლო არ აინტერესებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან ხაბეიშვილის თქმით, კეზერაშვილს ხმის მიცემის უფლებაც არ აქვს ენმ-ის არჩევნებში.

„რაც შეეხება კეზერაშვილის [ჩემ] უკან დგომას და არჩევნებს, კეზერაშვილს ერთი ხმაც კი არ აქვს ამ[ენმ-ის] არჩევნებში. მართლა არ მესმის, რატომ შეიძლება დავით კეზერაშვილს პარტიის გაკონტროლება სურდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.


რას ამბობდა ხაბეიშვილი კეზერაშვილზე 2017 წელს

2017 წელს ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს მილიარდები ჰქონდა მოპარული და ამაზე ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებდა, ბიძინა ივანიშვილი დავით კეზერაშვილის ხელით „ვითომ ოპოზიციას“ ანუ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებდა.

„მათ შეინარჩუნეს კრიმინალური ბანდა, პირდაპირ ვთქვათ, რა. წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? – ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები და თავის დროზე იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ისეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა.

ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა. ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს, ხომ არ იცით? –  მსახურობს ბიძინა ივანიშვილის კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას. დაქუცმაცებული ოპოზიცია არის ხელისუფლებისთვის საჩუქარი, რომელსაც არაფრის კეთების საშუალება არ აქვს, კრიმინალებითაა სავსე. მაგრამა ამას აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებინებს ივანიშვილი კეზერაშვილის ხელით. ეს არის ფაქტი. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება. ამას აკეთებს ბოკერია- ჩერგოლეიშვილის და ამ ხალხის მეშვეობით“, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი