ახალი ამბები

„შემოთავაზების საფუძველზე დავწერე განცხადება“ — ცაგერის მერი პოსტს ტოვებს

25 ნოემბერი, 2022 • 1383
„შემოთავაზების საფუძველზე დავწერე განცხადება“ — ცაგერის მერი პოსტს ტოვებს

გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ ცაგერის მერის პოსტს ტოვებს და სხვა პოზიციაზე გადადის. მისივე თქმით, გადადგომაზე გადაწყვეტილება „შემოთავაზების“ საფუძველზე მიიღო, თუმცა არ ამბობს, ვისგან მიიღო შემოთავაზება და სად გადადის.

გიორგი ნემსაძის გადადგომის შესახებ განცხადება Facebook-ზე, მის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!“, — ნათქვამია ცაგერის მერის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, კვლავაც ჩება გუნდის რიგით წევრად და „მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან“ გააგრძელებს.

„ნეტგაზეთი“ ნემსაძეს 25 ნოემბერს ორჯერ ესაუბრა. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ „რაღაცას“ ელოდება და ჯერ ვერაფერს იტყოდა. თუმცა მის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევით თანამდებობას ტოვებს.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ დავუკავშირდით მეორედ, რა დროსაც გვითხრა:

„უბრალოდ, სამსახურებრივი მონაცვლეობა ხდება. შეთანხმებულები ვიყავით თავიდანვე, შემოთავაზების საფუძველზე დავწერე განცხადება. სხვა თანამდებობაზე გადავდივარ, სად — ჯერ ვერ გეტყვით. ამ გუნდის წევრად ვრჩები“, — ამბობს ნემსაძე და გუნდის შიგნით კონფლიქტს უარყოფს.

გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის პოსტს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი