ახალი ამბები

„რაღაცას ველოდები, ჯერ ვერაფერს გეტყვით“ — ცაგერის მერი გადადგომაზე

25 ნოემბერი, 2022 • 1021
„რაღაცას ველოდები, ჯერ ვერაფერს გეტყვით“ — ცაგერის მერი გადადგომაზე

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი ცაგერის მერის გადადგომის შესახებ იუწყება.

ხორგუანის ინფორმაციით, გიორგი ნემსაძემ გადადგომაზე განცხადება დაწერა.

„მერის ვადამდელი არჩევნები ცაგერში გაზაფხულზე გვიწევს, თუ დღის ბოლომდე უკან არ დააბრუნეს“, — წერს ხორგუანი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა გიორგი ნემსაძეს. ის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„რაღაცას ველოდები, ჯერ ვერაფერს გეტყვით“, — განუცხადა ნემსაძემ ნეტგაზეთს.

ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 2006-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. იგი საკრებულოს დეპუტატი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, თუმცა 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ენმ დატოვა. 2013-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება თბილისის“ თავმჯდომარე.

გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის პოსტს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი