ახალი ამბები

მარნეულში ავარიისას არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე მძღოლს ბრალი წარუდგინეს

25 ნოემბერი, 2022 • 659
მარნეულში ავარიისას არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე მძღოლს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ავტოავარიის შედეგად არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 23 ნოემბერს მარნეულში „ლენდ-როვერის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად კი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი