ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევროკავშირი საქართველოს ანტიჰუმანური პოლიტიკის თანამონაწილეა” – სოხუმი

25 ნოემბერი, 2022 • 2005
“ევროკავშირი საქართველოს ანტიჰუმანური პოლიტიკის თანამონაწილეა” – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ეხმაურება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების შეზღუდვის შესახებ.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

ამავე თემაზე:

“პასპორტებზე ევროკავშირის სანქცია არაფერს შეცვლის” – განწყობები აფხაზეთში

“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას განიხილავს მორიგ პროვოკაციად, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული.

ევროპული კავშირი იქცა უშუალო თანამონაწილედ საქართველოს უკანონო და ანტიჰუმანური პოლიტიკისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული. მიღებული შეზღუდვები არის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის უხეში კანონდარღვევა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფლების გადაადგილების უპირობო უფლებას. სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ აღნიშნული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან”, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემი] რუსეთის პასპორტს ფლობს. მათი გაცემა წლების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში ხდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ [ყირიმის ანექსია] ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზას აღარ გასცემდა. შესაბამისად, აფხაზებმა და ოსებმა პასპორტების აღება რუსეთშივე დაიწყეს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმი ხისტი განცხადებებით გამოეხმაურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი